ბიზნესი
11/10/2022

WIPO-ს გენერალური დირექტორის დარენ ტანგის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს პირველად ეწვევა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი.

დარენ ტანგი 12 ოქტომბერს გახსნის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“. 

WIPO-ს გენერალური დირექტორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან,  საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. დარენ ტანგი შეხვედრებს გამართავს, ასევე, საქართველოს ვიცე - პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან.

როგორც "საქპატენტში" განმარტავენ, საქართველომ WIPO-ს მხარდაჭერით დარგის განვითარების კუთხით, რეგიონში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად, საქპატენტის WIPO-სთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობით, წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. შემუშავდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი სამართლებრივი სისტემა და განხორციელდა  მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო თუ ინოვაციური საქმიანობის განვითარებაზე მიმართული გლობალური პროექტები. საგულისხმოა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“(DCFTA) ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და WIPO -ს ექსპერტების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებამ საქართველოს შესაძლებლობა მისცა DCFTA – სამოქმედო გეგმის განხორციელების გზაზე არსებითი პროგრესისთვის  მიეღწია.

ვიზიტის ფარგლებში, დარენ ტანგის სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ -„საქპატენტთან“ დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე,  გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ შორის: ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის შესახებ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) დაგეგმილი ვიზიტისას, დარენ ტანგი შეხვდება და დისკუსიის ფორმატში ისაუბრებს ქართველ სტარტაპერებთან.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყებაა, რომელიც აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან.

WIPO-ს ხელმძღვანელის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, რადგან  ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც განაპირობებს ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.