ბიზნესი
27/11/2020

Walnuts.ge 2-3 წელიწადში ნუშის ბაღების გაშენებას გეგმავს

აგრარული კომპანია Walnuts.ge კაკლის ბაღების შემდეგ ნუშის ბაღების გაშენებასაც განიხილავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დავით ბუხნიკაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება უახლოესი 2-3 წლის პერიოდში იგეგმება.

"დაწყებულია ნუშის ჯიშების ტესტირება. სხვადასხვა ჯიშს ვარგებთ კლიმატს და ვაკვირდებით. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს“, - აცხადებს დავით ბუხნიკაშვილი.

Walnuts.ge უკვე ფლობს კაკლის ბაღებს საგარეჯოს რაიონში. 2021 წლის დასაწყისისთვის კი პლანტაციები 150 ჰექტარზე იქნება გაშენებული.

დავით ბუხნიკაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიაში სრული განაკვეთით 20-მდე ადამიანია დასაქმებული, ამას სეზონურად ემატება 30-40 ადამიანი მიმდებარე სოფლებიდან.

კაკლის ბაღების პროექტი გერმანელ და ავსტრალიელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, სულ საინვესტიციო მოცულობა 12 მლნ ლარია.

კითხვაზე, როდის შეძლებს კომპანია  მოგებაზე გასვლას, ბუხნიკაშვილი აცხადებს, რომ ამას დაახლოებით 7 წელი დასჭირდება.