“ვოთერ-თრაილ ინდასტრისი” “ბილაინში” წილს 71%-მდე ზრდის
კომუნიკაციების ბაზარზე გადანაწილება გრძელდება. ბიზნესპარტნიორის ინფორმაციით, ბრენდ “ბილაინის” მფლობელი “ვიონი საქართველოს” 51%-ის მფლობელი დამატებით 20%-ის შეძენას გეგმავს და თუ მარეგულირებლის თანხმობას მიიღებს, “ვოთერ-თრაილ ინდასტრისი” კომპანიის 71%-ის მფლობელი გახდება.
ამჟამად, კომპანიაში 29%-ს “ინვესტიკო ალიანსი” ფლობს, 20%-ს კი “მირენ ინვესტი”, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ მაჟორიტარ აქციონერ ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებული კომპანიაა.
თავად ხვიჩა მაქაცარია, ასევე ფლობს საქართველოსა და რეგიონში ინტერნეტის საბითუმო ბაზრის უმსხვილესი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ 51%-ს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში “კავკასუს ონლაინის” წილი კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისდა და ახლა კომპანიის 49%-ი აზერბაიჯანელი ბიზნესმენის ნასიბ ჰასანოვის საკუთრებაში გადავიდა.
კომისია თვეებია წილების თავდაპირველ მდგომარეობში დაბრუნებას ითხოვს და ბოლო ვადა 1 მაისს ამოიწურა. რაც შეეხება ვიონს, ჩვენ უკვე ვთხოვეთ კომპანიას კომენტარი მოსალოდნელ გარიგებასა და საქართველოში ბიზნესის განვითარების გეგმებზე. შემდგომ გამოშვებაში თემას ისევ დავუბრუნდებით.