ბიზნესი
15/02/2021

ვიცე-მერი "ბუდაპეშტის" მფლობელს: ერთადერთი სწორი ვარიანტი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაა

დედაქალაქის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელებისთვის მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის გარდა სხვა შეთავაზებას არ განიხილავს. კახა კალაძის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, თბილისის ბიუჯეტს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 20 მილიონი ლარი ინვესტორებს თანხით აუნაზღაურონ.

„ჩვენი მხრიდან შესაძლებელია, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ამისთვის მუნიციპალიტეტმა შეარჩია კიდეც ტერიტორიები და შევთავაზეთ. დღეს მათ თქვეს, რომ რესტორანს ააშენებენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას, თუ მასაც სასტუმროს პარამეტრებით ააშენებენ? ჩვენთვის ეს მიუღებელია“,- აღნიშნა ხმალაძემ.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ 2 წლის წინ მიმდინარე მოლაპარაკებების პერიოდში მფლობელს ვაკის პარკის ტერიტორიაზე უკვე არსებული ძველი რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა ერთ-ერთ ვარიანტად შესთავაზეს, თუმცა მოლაპარაკებებმა არც მაშინ გაამართლა.

2 წლის წინ, როდესაც მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მაშინ საუბარი იყო სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აღდგენაზე, რომელიც ათეული წლები იდგა ვაკის პარკში და არა სასტუმროს პარამეტრებით უზარმაზარი ნაგებობის განთავსებაზე. ჩვენთვის ის არის მნიშვნელოვანი, რა ინტენსივობის მშენებლობაზეა საუბარი. თუმცა მაინც, ერთადერთი სწორი ვარიანტი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაა. მათივე პოზიციებიდან გამომდინარე. დიდი იმედი მაქვს, რომ რაც დღეს გააკეთეს, ასეთ საქციელს ადგილი აღარ ექნება. შეხვედრაზე აბსოლუტურად ვერაფერზე შევთანხმდით, თუმცა მაინც მგონია, რომ დასხდებიან პარტნიორები და დაილაპარაკებენ. ფულად კომპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა.

ჩვენ ფულად კომპენსაციას არც განვიხილავთ. ვთავაზობთ იდენტური ღირებულების მიწის ნაკვეთებს. თუ აქ საქმე იმას ეხება, რომ რომელიმე ნაკვეთი არ მოსწონთ, შეგვიძლია სხვა ვარანტების შეთავაზებაც. თუმცა ადგილმონაცვლეობას პრინციპულად არ ღებულობს. მაინც და მაინც სასტუმროს მშენებლობა უნდა. არ აქვს მნიშვნელობა, რას შევთავაზებთ. თუ მათი ქონება შეფასებულია 20 მილიონ ლარად, 20 მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს ვთავაზობთ“,- განმარტა მერის მოადგილემ.