"ვიმუშავებთ მხოლოდ ბიზნესის გადასარჩენად" - ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა მუშაობა განაახლეს
ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლეს. ასოციაციის ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ შეცვლილია როგორც მომხმარებლის ქცევა ასევე ფასებიც.
„სამწუხაროა ის რეალობა რომელშიც გავიღვიძეთ. ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ როგორც იქნა მუშაობას განვაახლებთ, თუმცა შემცირებულია მოთხოვნა და სამწუხაროდ, გვიწევს ფასების კორექტირებაც. ბაზარზე გაძვირებულია ყველაფერი დაწყებული კომუნალური ხარჯებით დასრულებული საკვები პროდუქტებით. მუშაობის გაგრძელება რომ შევძლოთ დაახლოებით 30%-ით მოგვიხდა სერვისის გაძვირება,“ - განმარტავს გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მთიულიშვილი.
გარდა გაძვირებული სერვისებისა, გასართობი ცენტრებისთვის პრობლემად რჩება კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები.
„ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი წვეულებებს სწორედ ამ დროის მონაკვეთში გეგმავდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვს დაბადების დღე სამუშაო დღეებში ჰქონდა, თუმცა იმის გამო რომ მშობლები მუშაობდნენ წვეულებები შაბათ-კვირას იმართებოდა. ამ პირობებში საშუალოდ 40%-იან დატვირთვას ველით. ყველაფრის გათვალიწინებით მოგებაზე აქცენტის გაკეთებას არ ვაპირებთ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ბიზნესის გადარჩენა შევძლოთ. იმედი გვაქვს რომ მეიჯარეებიც გაითვალისწინებენ არსებულ რეალობას,“ - განმარტავს გიორგი მთიულიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს ექნებათ.