"ველით, რომ FDI გრანტით დაინტერესებულ კომპანიებთან მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდება"
FDI გრანტით 10-ზე მეტი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გრანტების გაცემის დაწყებას წლის ბოლომდე ელიან.
„ამ პროგრამით უკვე 10-ზე მეტი კომპანიაა დაინტერესებული. თუმცა, ეს პროგრამა არ არის მარტივი პროგრამა. არის საკმაოდ კომპლექსური. ინვესტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყანაში ინვესტირებაზე. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების პროცესიც უკავშირდება იმას, რომ ინვესტორმა დაიწყოს ინვესტიციების განხორციელება, თანხების გადმორიცხვა, რის შემდეგაც, მოხდება მისი ჩართვა FDI გრანტის პროგრამაში“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.
მისი თქმით, დაინტერესებული კომპანიები დივერსიფიცირებული სექტორებიდან არიან. რამდენიმე არის ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სფეროდან, ასევე ლოგისტიკური კომპანიაა და სხვა. არის საკმაოდ დიდი და გლობალური კომპანიები.
„ველით, რომ წლის ბოლომდე დასრულდება ამ კომპანიებთან მოლაპარაკებები. რაც ასევე დაფუძნებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პანდემიური ვითარება და რამდენად სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას ინვესტორები. ამ კრიზისის უნიკალურობა და გამორჩეულობა იმაში გამოიხატება, რომ ინვესტორები თავად აფასებენ ვითარებას, რამდენად სტაბილური იქნება გლობალურად ვითარება, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. ინტერესი ნამდვილად არ შემცირებულა ქვეყნის მიმართ, უბრალოდ, გადაწყვეტილების მიღება გართულდა ინვესტორის მხრიდან, რომ მათ გადაწყვიტონ ახალ ბაზარზე შესვლა“, - აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.