ბიზნესი
10/08/2021

ვაქცინირებულ მომხმარებელს ფასდაკლება, თანამშრომელს ხელფასზე დანამატი - სტეიკ ჰაუსის შეთავაზება

“სტეიკ ჰაუსი ნომერი ერთი“, რომელიც N35 აბაშიძეზე მდებარეობს, დღეიდან ვაქცინირებულ მომხმარებლებს 15%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს, თანამშრომლებს კი, სახელფასო დანამატს. ამის შესახებ რესტორნის მფლობელმა, რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ “ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა. 

მომხმარებლებმა თავისი სურვილის მიხედვით უნდა დაამტკიცონ, რომ ვაქცინირებულები არიან. 

“ეს უნდა იყოს ტექნიკურად რაც შეიძლება მინიმიზებული პრობლემის შემქმნელი. არანაირი დისკომფორტი არ უნდა შეიქმნას. თავისი სურვილით, როგორც შეუძლია დაამტკიცოს მომხმარებელმა“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

მისი თქმით, რესტორნის თანამშრომლები უკვე თითქმის ვაქცინირებულები არიან და ისინი სახელფასო დანამატსაც მიიღებენ. 

“თანამშრომლებს დავუფასე ის, რაც გააკეთეს“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე. 

მან ისაუბრა რა არის ვაქცინირებული მომხმარებლებისთვის ფასდაკლების შეთავაზების მიზანი. 

“დღესდღეობით სამწუხაროდ ჩვენ გვიხდება ადამიანებს განვუმარტოთ, როგორ გადავრჩეთ. მიზანია, რომ რაღაც სექტანტურ დამოკიდებულებაში არსებული საზოგადოება ოდნავ გამოფხიზლდეს და ადამიანების გარდაცვალება მიიღონ თავიანთ პრობლემად. ვირუსი, რომელიც არსებობს, ეს არ არის რაღაც დროთა განმავლობაში წასული პრობლემა, ეს პრობლემა იარსებებს, თუ მას სერიოზულად არ მივუდექით და ამის წინააღმდეგ არ ვიბრძოლეთ. ეს არ არის გარდამავალი პერიოდის გარკვეული დროით განსაზღვრული პრობლემა, ამას სჭირდება მიდგომა, ერთადერთი რომელიც დღეს არის გამოგონებული, ეს არის ვაქცინა. ეს პრობლემა ზოგადად კაცობირობის წინაშე, რაც კი ვაქცინა გამოიგონეს, ყოველთვის იდგა. მე-19 საუკუნიდან დაწყებული, როდესაც ილია ჭავჭავაძე საუბრობდა ყვავილის ვაქცინაზე და საქართველოში ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, ადამიანი მაშინ ამბობდა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. დღეს იგივე რეალობაში ვართ,  21-ე საუკუნეში მსჯელობა მიდის მჭირდება თუ არა და შესაძლებელია თუ არა ვიყო ვაქცინირებული. აქედან გამომდინარე, ჩემი ამ მცირე ნაბიჯით, ყოველშემთხვევაში მე ამის სურვილი მაქვს, რომ ვიღაც არა დისკრიმინირებული იყოს, არამედ ის ადამიანები, ვინც ზრუნავენ თავის თავზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე, გარკვეულ წილად, ჩემი მხრიდან, ერთი კერძო პირისგან, იყვნენ დაფასებულები. რა თქმა უნდა ამას თუ ექნება გამოხმაურება და მხარის აბმა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიძლება მივიყვანოთ იმ დაფიქრებამდე, რომ ვაქცინაცია აუცილებელია და ფიქრი იმაზე, რომ ჯოგური იმუნიტეტი გადაგვარჩენს, ალბათ აღმოიფხვრება“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.  

ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია. შოთა ბურჯანაძის თქმით კი, ნებისმიერი ნეგატიური მოვლენა მოქმედებს ადამიანების განწყობაზე და ისინი სოციალური დასვენების ადგილებში მომსახურების მიღებას ერიდებიან. 

“გარკვეულწილად ნებისმიერი ნეგატიური მოვლენა ყოველთვის მოქმედებს ადამიანების განწყობაზე. ის, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ციფრები მაღლა მიდის, რა თქმა უნდა სხვა რომ არაფერზე ვილაპარაკოთ, განწყობას ცვლის. რესტორანი არის სოციალური დასვენების ადგილი, სადაც ადამიანები იღებენ სიამოვნებას. როდესაც ამის ხასიათზე არ ხარ და თან დათრგუნული ხარ, ყოველთვის ერიდები ამ კუთხით მომსახურების მიღებას.

მე ხშირად მეკითხებიან, ხომ არ არის მოსალოდნელი რეგულაციების გამკაცრება. რეგულაციები ავტომატურად გამკაცრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ციფრები იქნება და არავინ არსად წასვლას და დროის გატარებაზე არ იფიქრებს. 

ჩემი ინიციატივა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ თუნდაც ერთმა ადამიანმა შეიცვალოს აზრი და ვაქცინა გაიკეთოს. თუ ამას მივაღწიეთ, გადადგმული ნაბიჯი არ იქნება პოპულიზმი და იქნება გაკეთებული საქმე“,- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.