უზნაძის ქუჩაზე Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა 2023 წლამდე გადაიდო
თბილისში, უზნაძის N14-ში Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა 2023 წლამდე გადაიდო. პროექტი არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის ადგილას ხორციელდება. საუბარია, ახალი მრავალფუნქციური სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექის მშენებლობაზე.
როგორც პროექტის მფლობელი კომპანია „ბეტა ჯგუფის“ დირექტორი გიორგი ჯოხაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი 2022 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია, პროექტის ჩაბარების ვადაც დაკორექტირდა.
„ამოყვანილი გვაქვს მხოლოდ 3 სართული. პანდემიის გამო მეტ-ნაკლებად პრობლემა გახდა ფინანსების მოძიებაც. ამას დაემატა ისიც, რომ ასევე პანდემიის გამო დაპაუზდა ახვლედიანის ქუჩაზე ჩვენი პროექტი, რომელიც უნდა გახსნილიყო და შემოსავალი მოეტანა. სამუშაოები ვერ განვაახლეთ, რადგან არ ვიცით ხვალ და ზეგ რა იქნება. იმედი გვაქვს, რომ სამუშოებს მომავალ წელს განვაახლებთ,“ - აცხადებს გიორგი ჯოხაძე.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო 227 ნომრიანი იქნება, ამას ემატება 133 ნომრიანი აპარატამენტი, კომერციული ფართები პირველ სართულზე, 25 მანქანაზე გათვლილი პარკინგი და სივრცეები კაფე-რესტორნებისთვის. პროექტის მშენებლობას კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მილიონ დოლარს შეადგენს.
კომპანია „ბეტა ჯგუფი“ 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიას თავდაპირველად 4 მეწილე ჰყავდა: თამაზ თავაძე 25 %, გიორგი ქარაზანიშვილი 25%, ბეჟან სამხარაძე 25% და ედიშერ მამალაძე 25 %, რომელიც კომპანია საქკაბელის“ მმართველი პარტნიორიცაა. დირექტორად კი რეესტრის მონაცემებში გიორგი გოშხეთელიანი ფიქსირდებოდა.
რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიაში მფლობელები შეიცვალნენ. რეესტრის ბოლო მონაცემებით, 30%-ს ფლობს ნანა აროშიძე, 35% -ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სიემსი, 17.5 %-ს ბეჟან სამხარაძე ხოლო 17.5 %-ს ედიშერ მამალაძე.