ბიზნესი
17/01/2023

USA2GEORGIA-ს მომხმარებლები საწყობის თანხის გადაუხდელობის გამო, ამანათებს არ დაკარგავენ

კონკურენციის სააგენტო USA2GEORGIA-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ  მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, თუკი მომხმარებელი ნივთის საწყობში შენახვის საფასურს არ გადაიხდის, 30 დღეში აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

"საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა USA2GEORGIA -ს საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია - ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან.

კერძოდ, სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს. 16 იანვრის მდგომარეობით, სააგენტოში შემოსულია 107 განაცხადი, შესწავლა მიმდინარეობს 58 საქმეზე. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ,"-ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ USA2Georgia-ს მიერ მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ განაცხადის შესწავლა დეკემბერში დაიწყო.