"უმალის" გადაუჭრელი პრობლემა - კომპანიამდე მისასვლელი გზის საკითხი ისევ მოუგვარებელია
თევზის მწარმოებელ კომპანია „უმალს“ საგზაო დეპარტამენტთან კომპანიამდე მისასვლელი გზის პრობლემა ისევ მოუგვარებელი აქვს.
საწარმოში აცხადებენ, რომ პროდუქციის დისტრიბუცია საკმაოდ გართულებულია. როგორც „უმალის“ ფინანსური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, მიღებული დაპირების მიუხედავად, საწარმომდე მისვლა კვლავ შემოვლითი გზით უწევთ, რომელიც ცენტრალური ტრასიდან დაახლოებით 200 მეტრითაა დაშორებული.
„გზის პრობლემა ჩვენთვის ჯერ ისევ მოუგვარებელია. ამის გამო ძალიან გვიჭირს პროდუქციის საწარმოში შეტანა-გამოტანა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომლის წინაშეც დავდექით. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ ქართველი მომხმარებლები ჯერ კიდევ ვერ შეეჩვივნენ იმას, რომ ქართული თევზი და ხიზილალაც შეიძლება იყოს იმპორტირებულზე კარგი და გემოვნური თვისებებით გამორჩეული,“ - განაცხადა გიორგი აბალაკმა.
„უმალის“ დღიური წარმადობა 2.5 ტონაა. პროდუქციის გამოშვება სეზონურია და ზაფხულში შედარებით მცირდება. კომპანია ახალი პროდუქტების გამოშვებაზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს. ბაზარზე უმალის თევზის სნეკი და პრემიუმ სეგმენტის თინუსი გამოჩნდება.