უკრაინა აშშ-ისა და გერმანიის ბაზრებით ჩავანაცვლეთ - "კულას" 2022 წელი
საკონსერვო წარმოება „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ 2022 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელი რთული იყო, თუმცა, კომპანიის მენეჯმენტმა მაქსიმალურად ეცადა და კომპანია რეალიზაციის მზარდ მაჩვენებელზე გაიყვანა.
ბიზნესმენის ინფორმაციით, გაყიდვების თვალსაზრისით კომპანიას წელს გასულ წელთან შედარებით 35-40%-იანი ზრდა აქვს.
„წელს საკმაოდ ბევრი გამოწვევა გვქონდა, მოიმატა გაზის და ელექტროენერგიის ფასმა, ხილის ფასიც არ იყო ის, რაც წინა წლებში. მოგვიწია ნედლეულის გაზრდილ ფასებში შესყიდვა, თუმცა, გამოვნახეთ რესურსები და მთელი წლის განმავლობაში პროდუქციაზე ფასი მხოლოდ ერთხელ,უმნიშვნელოდ მოვამატეთ,“-აცხადებს გოგლიძე.
კითხვაზე, იყო თუ არა ერთ-ერთი გამოწვევა რუსეთ-უკრაინის ომი და რა ტიპის გავლენა მოახდინა „კულაზე“ აღნიშნულმა მოვლენამ, გოგლიძე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „კულა“ პროდუქციას უკრაინაში ვეღარ ყიდის, ამის დაბალანსება კომპანიამ აშშ-ს და გერმანიის ბაზრებზე რაოდენობების ზრდით შეძლო.
როგორც გოგლიძე აცხადებს,“კულას“ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ 2022 წელს ტყლაპის წარმოების დაწყება ვერ შეძლო და 2023 წლამდე გადადო.
„კულა“ ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს.