ბიზნესი
06/01/2023

"უფასო საშვები გაგვიუქმეს" – თენგიზ ცერცვაძე პაატა კურტანიძეს მორიგ ბრალდებას უყენებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კომპანია „ავერსი ფარმა“ ავტომობილებს უფასოდ აღარ უშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა.

„გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ამასაც მოვესწარი, რომ ჩემს სამსახურში, ავადმყოფებთან მისასვლელად ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს. იგივეს გაკეთება უწევთ ჩვენი ცენტრის სხვა თანამშრომლებსაც. საახალწლო ხუმრობა არ გეგონოთ, ნამდვილად ასეა. უფასო საშვები გაგვიუქმეს. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამას იკადრებდა,“ – წერს ცერცვაძე გუშინ ღამით გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორია, რომელზეც თბილისის ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს, 2009 წლიდან „ავერსი ფარმას“ საკუთრებაა, თუმცა კომპანია აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობას დღემდე ვერ ახერხებს, რადგან ინფექციურ კლინიკას სხვა შენობა ამ დრომდე არ ჰქონია. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, მთავრობამ ინფექციური კლინიკისთვის ახალი შენობა იყიდა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და რომლის ღირებულება 40 მილიონი ლარია. იქ ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისში უნდა დასრულდეს.

რადგან ინფექციურ საავადმყოფოს წლების განმავლობაში საკუთარი შენობა არ ჰქონდა, „ავერსს,“ ინფექციურ კლინიკასა და სახელმწიფოს შორის ყოველ წელს იდებოდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ავერსს ყოველწლიურად იჯარის გადასახადს უხდიდა. ბოლო საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურა.

ამ საკითხთან დაკავშირებით გასული წლის ოქტომბრის ბოლოს jandacva.ge-მ კომენტარი „ავერსი ფარმას“ დირექტორ ირაკლი ფურცელაძეს სთხოვა.

ფურცელაძემ მაშინ განაცხადა, რომ კომპანიასთან, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში სარემონტო, დიზაინერულ და ტექნოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება 2023 წლის მარტამდე აქვს დადებული. თუმცა, მისივე განმარტებით, „ავერსი ფარმა“ ელოდებოდა, რომ პერსონალი ძველ შენობებს უკვე 2022 წლის ბოლომდე დაცლიდა.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულება საკუთარი შენობა-ნაგებობების გარეშე 2009 წელს დარჩა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია –  თითქმის 6 ჰექტარი მიწა მასზე დამაგრებული 11 შენობა ნაგებობით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. ტერიტორია 12 მილიონად გაიყიდა და ის აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ „ავერსი ფარმამ“ იყიდა. ამის შემდეგ გაიცა პირობა, რომ კლინიკას  ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა.

ინფექციური კლინიკის სიახლოვეს, „ავერსი ფარმას“ კუთვნილ დანარჩენ ტერიტორიაზე „ავერსმა“ 2009 წლიდან სამედიცინო ბიზნესის განვითარება დაიწყო – მის საკუთრებაშია ამ ტერიტორიაზე განთავსებული „ბოჭორიშვილის კლინიკა“ და კლინიკა „მედალფა.“

 

jandacva.ge