თურნავამ NOKIA-ს რეგიონულ დირექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ონლაინ გააცნო
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ფინური კორპორაციის NOKIA-ს რეგიონულ დირექტორთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიკკო ლავანტისთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
„ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს გავაცანით საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელთაც კომპანია წარმოების საქართველოში დაწყების შემთხვევაში მიიღებს. ჩვენი შეთავაზებები ძალიან მალე აისახება მთავრობის პოსტკრიზისულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. მანამდე ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რათა უკეთ შევიტყოთ, რამდენად არის შესაბამისობაში მათი განვითარების სტრატეგიები საქართველოს მთავრობის პოსტკრიზისულ ხედვებთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
„ჩვენ შევარჩიეთ 400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ტოპ-მენეჯმენტთანაც ვახორციელებთ პირდაპირ დიალოგს და ვაცნობთ იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ახალ რეგიონალურ ჰაბს, გააჩნია,“ - განაცხადა მინისტრმა.