თურნავა ანაკლიის კონსორციუმზე: ჩემი აზრით, ამ დავას სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია
ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ანაკლიის კონსორციუმი საკითხის პოლიტიზებას ახდენს და ხელისუფლებას ხელს უშლის ახალი ინვესტორი მოძებნაში.
„როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია - ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და თუკი ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წელს, ახლა არის 2020 წელი, როდესაც, ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უკვე უნდა ჰქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ, კონსორციუმმა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობის ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.
„კონსორციუმმა ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ შეძლო პროექტის განხორციელება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.