თურქეთის ელჩი: ქართულ კომპანიებს თურქეთში ბაზრის კვლევა სჭირდებათ
თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ იმისთვის, რომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტი გაიზარდოს, აუცილებელია, ქართველმა მწარმოებლებმა თურქული ბაზრის მოკვლევა განახორციელონ.
ამ მიმართულებით იაზგანი ფიქრობს, რომ მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ნიშურ პროდუქტებზე.
“თუ ქართველი ექსპორტიორი ეცდება თურქეთში გაყიდოს მაგალითად, პომიდორი, ალბათ რთული იქნება, თუმცა, მეტი პოტენციალი ექნება მაგალითად ჩირს, წვენებს, სხვადასხვა კონცენტრატს, ასევე ჩვენ არ გვაქვს ფეიხოა”, - აცხადებს ელჩი და ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველოში არსებობს რომელიმე ნედლეული, რომელსაც თურქეთი სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს.
ასე რომ, თურქეთის ბაზრის კარგი კვლევა არის ის, რაც ქართველ მწარმოებლებს სჭირდებათ, - ამბობს ის.
რაც შეეხება ინვესტიციებს, იაზგანის განცხადებით, უკვე გვაქვს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება, რაც საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ფიქრობს, რომ ინვესტიციების ზრდის მიმართუელბით გაცილებით მეტი პოტენციალია, მაგალითად ენერგეტიკის სექტორში.