ბიზნესი
26/10/2020

თუ დისტაციურად მუშაობა შენი სტილია – "ამპელო" დასაქმებულებს ახალ სერვისს სთავაზობს

თუ დისტაციურად მუშაობა შენი სტილია – "ამპელო" დასაქმებულებს ახალ სერვისს სთავაზობს. 

სასტუმრო დისტანციურად დასაქმებულებს სამუშაო სივრცეს სთავაზობს. პროდუქტი მოიცავს განთავსებას, საუზმეს, ყავის შესვენაბას, მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონებით სარგებლობას.

პროექტი სასტუმროს მენეჯმენტმა კორონაკრიზისის პერიოდში დისტანციური ტიპის სამსახურებისთვის წამოიწყო. დამუშავდა და შეიქმნა სპეციალური პაკეტი, რომლიც დასაქმებულებისთვის საქმიანი გარემოს შექმნას გულისხმობს.

„კრიზისის საპასუხოდ, "ამპელოს" კრეატიულმა გუნდმა გადაწყვიტა, გაეკეთებინა ისეთი შეთავაზება, რომელიც მოერგებოდა შექმნილ ვითარებას და  სასარგებლო იქნებოდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სურვილი გარკვეული პერიოდი იმუშაოს მყუდრო, უსაფრთხო და სტრესისგან თავისუფალი გარემოდან. აქციის ფარგლებში სასტუმრო მომხმარებელს დახვდებათ სპეციალურად მათზე მორგებული სიტუაცია, რაც გულისხმობს: მრავალფეროვან მყუდრო სარეკრეაციო ზონებს სასტუმროს 1 ჰა ტერიტორიაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და ჰაერს, ოპტიკური ინტერნეტის უწყვეტ მიწოდებას, ყავის შესვენებას, სნექებს, საუზმეს, ოთახში მოწყობილ სამუშაო სივრცეს. ჩვენი აზრით, შეთავაზების პოტენციური მომხმარებელი იქნება შემდეგ სფეროში დასაქმებული ხალხი: არქიტექტურა, გრაფიკული დიზაინი, IT, პროგრამული უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა და ყველა ის საქმიანობა, რომელიც რამდენიმე დღე არ მოითხოვს დასაქმებულის ადგილზე უშუალო ფიზიკურ ჩართულობას. ამასთანავე, ყველა ის კომპანია, რომელიც Covid-19 ის უსაფრთხოების ფარგლებში აპირებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას უსაფრთხოებისა და ოფისის ხარჯების შემცირების გამო და მზადაა, თავისი თანამშრომლები წაახალისოს განსაკუთრებული გარემოდან მუშაობის შეთავაზებით,“ - აცხადებს სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი გიორგი დოლიძე.

კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” აგვისტოში გაიხსნა. სასტუმრო ღვინის მარანს, სარეკრეაციო და მოსასვენებელ სივრცეებს, 20 ნომერს და სამ სარესტორნო სივრცეს მოიცავს. “ამპელოს” მშენებლობა ხუთი წლის წინ დაიწყო და ჯამურად 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროსა და მარანი ჯამში 60 ადამიანს ასაქმებს.

“ამპელო 2020 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა, მაშინ, როდესაც ბაზარზე სასტუმროს პირველად შემოსვლა  Covid-19 ის პირობებში ძალიან დიდ რისკთან და პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მფლობელების გვერდში დგომამ, პროფესიონალი გუნდის მონდომებამ და გაზრდილ კონკურენტულ გარემოში სწორმა სტრატეგიამ გაამართლა და მეორე ტალღის აფეთქებამდე ამპელოში ყოველი შაბათ-კვირა 100%-ით, ხოლო სამუშაო დღეები 50-60%-ით იყო დაკავებული. მას შემდეგ, რაც წამოვიდა ვირუსის მეორე ტალღა, თავისთავად ცხადია, იკლო მოთხოვნამ, მოსახლეობაში გაჩნდა შიში და წინასწარი და არსებული ჯავშნები ოთახებსა თუ ღონისძიებებზე ეტაპობრივად უქმდება,” - ამბობს გიორგი დოლიძე.

           

 

 

Businesspartner