ბიზნესი
25/02/2021

ცვლილებებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება - BAG-ში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია.

კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამასთან, აღინიშნა, რომ გარდა გრძელვადიანი ხედვის მომზადებისა, რომელიც ასოციაციის ფორმატში უახლოეს პერიოდში იგეგმება, აუცილებელია იმ ცვლილებების შემუშავებაშიც აქტიური ჩართვა, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავრობაში მიმდინარეობს; კერძოდ, აღინიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ შეეხება 520-ე დადგენილებას, რომელიც, კომიტეტის წევრების აზრით, სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქტიური ჩართულობით უნდა განიხილებოდეს.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ კომიტეტის მიმდინარეობისას განაცხადა, „საუბარია გრძელვადიანი რეფორმის მოდელზე, რომლზეც უნდა მოხდეს სამედიცინო სექტორში მომუშავე კომპანიებისა და სახელმწიფოს პოზიციების შეჯერება. ჩემი აზრით, აღნიშნული მოდელი უნდა ემყარებოდეს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაში კერძო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობას, რაც გაცილებით განჭვრეტადს გახდის, როგორც სამედიცინო სექტორზე გამოყოფილ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის თავად ამ ხარჯვის ეფექტიანობასაც.“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტი გეგმავს რეფორმის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას, სადაც ასახული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი და შესაბამისად, გაიზრდება ჩვენი მოქალაქეებისთვის მიწოდებილი სამედიცინო სერვისების ხარისხიც.

„ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ცვლილებები პირდაპირ აისახება იმ კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ სექტორში, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ინტერესებისა და ხედვების გათვალისწინება, რაც მნიშვნელოვანია კერძო კომპანიებისთვის, სახელმწიფოსთვის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი ბენეფიციარები არიან“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.