ბიზნესი
22/03/2022

წყალი მარგებელი: გაზრდილია მინის ტარის და ლოგისტიკის ფასები

რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ კომპანიებს მინის ტარის იმპორტის პრობლემა შეუქმნა. „ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა, ხომ არ დგას ანალოგიური პრობლემის წინაშე სხვა კომპანიების მსგავსად,  მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტარას კომპანია ძირითადად, ადგილობრივი და თურქი მწარმოებლებისგან ყიდულობს, ნაწილი შემოაქვს ევროკავშირიდანაც. თუმცა, გაზრდილია ტარისა და ლოგისტიკის ფასები, ასევე მოწოდების ვადები.

„პარტნიორები გვყავს მსოფლიოს მასშტაბით და პრობლემის შემთხვევაში შევძლებთ, მომწოდებლის ჩანაცვლებას,” - აცხადებენ „წყალი მარგებელში“.

რაც შეეხება ექსპორტს რუსეთსა და უკრაინაში, კომპანიაში განმარტავენ, რომ „წყალი მარგებლისთვის“  უკრაინა ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა, ექსპორტის დიდი წილი მოდის ბელორუსიაზე, შესაბამისად, ომის შედეგად კომპანიას დიდი დანაკარგები აქვს.

„ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებასა და არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაუმჯობესებაზე, რაც საკმაოდ რთული პროცესია და წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ შეგვიძლია. 

ბაზრების დივერსიფიკაციის სტრატეგია არის მთავარი მიზანი ჩვენი კომპანიისთვის და კვლავ ამ სტრატეგიით ვმუშაობთ. გასულ წელს სამ ახალ ბაზარზე შევედით: პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და საუდის არაბეთში. ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით ვცდილობთ პოზიციების გაუმჯობესებას და მუდმივად ვმუშაობთ ახალ ბაზრებზე,” - აღნიშნავენ კომპანიაში.

გეგმავს თუ არა კომპანია რუსეთის ბაზართან ისევ თანამშრომლობას, “წყალი მარგებელში“ განმარტავენ: „იმ პირობებში, როცა უკრაინაში ომია და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, გვიჭირს ბიზნესის სამომავლო გეგმებზე საუბარი. უკრაინას გამარჯვებას და მშვიდობას ვუსურვებთ”.

შეგახენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთსა და უკრაინაში „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შეჩერებაზე  „ბიზნესპარტნიორთან“ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, დირექტორმა მიხო სვიმონიშვილმა განაცხადა.

„მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველმა და შვეიცარელმა პარტნიორებმა 2009 წელს დააფუძნეს. ჰოლდინგში გაერთიანებულია ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“, „მარნეული აგრო“ და თელეთის „ფერმა მარგებელი“.