ბიზნესი
15/03/2022

მიხო სვიმონიშვილი: ჩვენ ვართ დამნაშავე, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია ვერ შევძელით

რუსეთსა და უკრაინაში „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი შეჩერებულია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, დირექტორმა მიხო სვიმონიშვილმა განუცხადა, კომპანია ახალი ბაზრების მოძიებაზე მუშაობს, რაც ხანგრძლივი და რთული პროცესია.

„რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ ბიზნესზე. პირველ რიგში, უკრაინელებს ვუსურვებდი გამარჯვებას და მშვიდობას. ეს ვითარება რთული იქნება ყველასთვის. ამიტომ საჭიროა ბაზრების დივერსიფიკაცია. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანაში გვქონდა გაყიდვები და ახლა აღარ გვაქვს. დივერსიფიკაცია არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი პასუხი, მაგრამ ეს არ ხდება ექვს თვეში. 5 წლით ადრე დაიწყო ჩვენმა კომპანიამ ამ საკითხზე მუშაობა. იცით, რომ რამდენიმე ემბარგო გავიარეთ, 2008-შიც, 2006-შიც. ასე მარტივიც არ არის იპოვო ახალი ბაზრები,“ - აცხადებს მიხო სვიმონიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, „ნაბეღლავისთვის“ უკრაინა უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო. ამიტომ ახლა, „მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ დარგს საკმაოდ რთული წელი ელის. მათ შორის მეღვინეობის სექტორს. 

„უნდა მოვემზადოთ, რომ სოფლის მეურნეობის და სხვა პროდუქტების მწარმოებლებისთვის ძალიან რთული წელი იქნება. პარალელურად ასე სწრაფად ვერ ხდება ბაზრების დივერისიფიკაცია. ამაში ჩვენ ვართ დამნაშავე - როგორ შეიძლება ამდენჯერ დაგეხუროს ბაზარი და მერე მაინც გინდოდეს გატანა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ მოვემზადოთ ყველაზე რთული სიტუაციისთვის, რაც სოფლის მეურნეობას, ქართულ წარმოებას და მეღვინეებს შეეხება,“ - აცხადებს მიხო სვიმონიშვილი.

„მარგებელი ჰოლდინგი“ ახლა ამერიკის ბაზრის მიმართულებით ცდილობს გააქტიურებას, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, გამოწვევაა გართულებული და ძვირი ლოგისტიკა.

„ამერიკის ბაზრის მიმართულებით არის წინსვლა. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ლოგისტიკურად რთულია. ძალიან გაძვირებულია ყველაფერი. ბევრი ქვეყანა მეწარმეებს ეხმარება ლოგისტიკურად და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, მაგრამ, ჩვენთან ჯერჯერობით არავინ ფიქრობს ამაზე. პრიორიტეტი ახლა მაინც უკრაინის გამარჯვებაა და ჩვენი კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცდება გაუძლოს, რეზერვების მეშვეობით უნდა შევეცადოთ, რომ ერთი-ორი წელი გავუძლოთ ყველაფერს,“ - აცხადებს მიხო სვიმონიშვილი.

„მარგებელი ჰოლდინგი“ 2009 წელს დაფუძნდა ქართველი და შვეიცარელი პარტნიორების მიერ. ჰოლდინგში გაერთიანებულია ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“, „მარნეული აგრო“ და თელეთის „ფერმა მარგებელი“.

Businesspartner