ცივი ჩაი გლინტვეინის არომატით - “გურიელმა“ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა
ქართული ჩაის ბრენდმა „გურიელმა“ ბაზარზე ცივი ჩაის ახალი სახეობა - შავი ჩაი გლინტვეინის არომატით გამოიტანა, რომელიც თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის კომერციის აღმასრულებელი დირექტორი ნუცა ავალიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროდუქტი სიახლეა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ბაზრისთვისაც.
“ცივი ჩაი გურიელის ყველა ინგრედიენტი ნატურალურია, რაც მოთხოვნას ჩვენი პროდუქტის მიმართ მსოფლიო ბაზარზე უფრო აძლიერებს. ექსპორტზე უკვე გავიტანეთ სატესტო რაოდენობის ჩაი და კარგი გამოხმაურება მოჰყვა. პანდემიიდან გამომდინარე ტემპი ცოტა შენელებულია, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე და სულ მალე გაგიზიარებთ თუ სად სვამენ ჩვენს ჩაის,“ - აცხადებს ნუცა ავალიშვილი.
მისი განცხადებით, „გეოპლანტმა“ ცივი ჩაის წარმოება 2019 წლის ივნისში დაიწყო. მის რეალიზაციას კი საქართველოს მასშტაბით (ქსელური ჰიპერმარკეტები, მარკეტები, უბნის მაღაზიები და ა.შ) ახდენს.
„წარმოებაშია 4 ძირითადი სახეობის ცივი ჩაი. ესენია: შავი ჩაი ატმით, შავი ჩაი ჟოლოს და ვანილის არომატით, მწვანე ჩაი ფეიხოას არომატით, მწვანე ჩაი პიტნის არომატით. პროდუქცია 0.5 მილიგრამიანი, პლასტმასის ბოთლების შეფუთვით იყიდება,“ - აცხადებს ნუცა ავალიშვილი.
მისივე განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს. „ცივი ჩაი გურიელი“ 2021 წლისთვის, ცივი ჩაის ბაზრის 45%-იანი წილის ათვისებას გეგმავს.
უკვე 10 წელია, რაც „გურიელი“ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და არც თუ ისე მორიდებული პოზიცია დაიკავა. იგი გურული ტემპით აყვა მსოფლიო სტანდარტებს და შესაბამისად, პირველი ჩაის ქართული ბრენდი იყო, რომელმაც შემოიტანა სხვადასხვა სიახლე და განახორციალა პროექტები, რომელიც არა მხოლოდ სფეროს განვითარებას, არამედ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერას ემსახურება.
კომპანია ფლობს 330 ჰა ჩაის პლანტაციას, ორ პირველადი გადამუშავების და ორ დასაფასოებელ საწარმოს, რომლებიც აღჭურვილია ჩაის გადამუშავების და დაფასოების უახლესი ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით IMA (იტალია), Fuso (იაპონია), Marden Edwards (დიდი ბრიტანეთი), T&I Global (ინდოეთი). 2014 წელს კომპანიამ დანერგა სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP. 2016 წელს კომპანიამ დანერგა ISO 22000:2005.
კომპანია ჩაის „გურიელის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.