წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამებიდან მაუწყებლებმა ₾14 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს
წინასაარჩევნოდ მაუწყებლებმა 62.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს, - შედეგებს კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს.
კვლევამ აჩვენა, რომ მაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში თითქმის 30,000 წუთი დაუთმეს.
„რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 13.9 მილიონი ლარი შეადგინა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაუწყებლებმა ფასიან რეკლამას 9,620 წუთი დაუთმეს, რაც უფასოზე სამჯერ ნაკლებია“, - აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 15% დაუთმო, მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1,350 ლარი იყო. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დაახლოებით 6.1 მილიონი ლარის რეკლამა განთავსდა უფასოდ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.7% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1,235 ლარი იყო. შესაბამისად, აჭარის ტელევიზიაზე დაახლოებით 3.2 მილიონი ლარის რეკლამა განთავსდა უფასოდ.
„მთავარმა არხმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.1% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 5,583 ლარი იყო, მათ დაახლოებით 13.5 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
„ტვ პირველმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3,978 ლარი იყო, მათ დაახლოებით 10.3 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
„ტელეიმედმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.3% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3,902 ლარი იყო, მათ დაახლოებით 9.7 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
„რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3,672 ლარი იყო, მათ დაახლოებით 9.5 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
„ფორმულამ“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1,787 ლარი იყო, მათ დაახლოებით 4.6 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
„სტუდია მაესტრომ“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.4% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 914 ლარი იყო, მათ დაახლოებით 2.3 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
„პოს ტვ“-მ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 9.2% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 593 ლარი იყო, მათ დაახლოებით 1.6 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
„პალიტრა TV“-მ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 5.9% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 395 ლარი იყო, მათ დაახლოებით 700,000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
„ევრონიუს ჯორჯიამ“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 1.2% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 888 ლარი იყო, მათ დაახლოებით 310,000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
„ობიექტივმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 4.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 60 ლარი იყო, მათ დაახლოებით 82,000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.
სხვა არხებმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში ერთად სრული დროის 4.8% დაუთმეს, მათი ღირებულება კი დაახლოებით 615 000 ლარის ტოლია.