ტრაფიკ ჯორჯია: შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, დაუმორჩილებლობის აქცია მაინც ჩატარდება
დღეს მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, რომლის მიხედვით არსებული რეგულაციები ნაწილობრივ დაგეგმილზე ადრე მოიხსნება, შაბათს ე.წ დაუმორჩილებლობის აქცია მაინც ჩატარდება.
როგორც “ბიზნესპარტნიორთან” “ტრაფიკ ჯორჯიას” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე აცხადებს, მთავრობის გადაწყვეტილება საპროტესტო მუხტის ჩახშობას ემსახურება.
“ჩვენი გეგმით მივდივართ. კორონა დიქტატურის წინააღმდეგ ჩვენი პროტესტი გაგრძელდება. დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადმოგდებული საკენკია იმისთვის, რომ შიდა ჯგუფები დაანაწევრონ. ამ შემთხვევაში რესტორნებს ვგულისხმობ. რესტორნების გარე სივრცეების გახსნა ზამთარში, როდესაც ტემპერატურა საკმაოდ დაბალია და არც მოთხოვნაა დიდი, სატყუარაა. სურთ დაითანხმონ რესტორნები, რომ პროტესტის მუხტი ჩაახშონ”,- განმარტა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე მიიღო გადაწყვეტილება. 8 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა ძალაში რცება შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე. 15 თებერვლიდან სკოლებს დაუბრუნდებიან მოსწავლეები, თუმცა ბაღები აღსაზრდელებისთვის ჯერ არ იღება. კვების ობიექტები ღია სივრცეში სტუმრების მიღებას ასევე 15 თებერვლიდან შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების შემსუბუქებამდე რესტორანთა ასოციაციამ 6 თებერვლიდან რესტორანთა თვითნებურ გახსნაზე გაავრცელა განცხადება, ამ გადაწყვეტილებას რესტორანთა ნაწილი იზიარებდა.