"ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ ქვევრის ბიო ღვინით აშშ-ს ბაზარზე შედის
კომპანიის „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ ქვევრის ღვინით ამერიკელები დაინტერესდნენ.
„ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა გამტკიცულაშვილმა განუცხადა, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამერიკულ კომპანია SILK ROAD WINES-სთან, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი ღვინის იმპორტიორია.
პირველ ეტაპზე ამერიკაში ქვევრის თეთრი ღვინოები: „რქაწითელი“ (რქაწითელის და მწვანეს ჯიშის ყურძნისგან დამზადებული), „ხიხვი“, წითელი ღვინო „საფერავი“ და ვარდისფერი ბიო ღვინო „როზე“ გაიგზავნება.
კომპანია აწარმოებს როგორც თეთრ, წითელ და ვარდისფერ მშრალ და ნახვრადტკბილ ღვინოებს: რქაწითელი, საფერავი, ალაზნის ველი, ქინძმარაული, მუკუზანი, ქისი, ხიხვი, მწვანე.
კომპანიის კუთვნილებაშია რამდენიმე ჰექტარი ბიო ვენახი. გამტკიცულაშვილი აცხადებს, რომ ეს წელი განსაკუთრებული იყო კომპანიისთვის, რადგან ჩამოისხა პირველი სერთიფიცირებული ბიო ღვინოები: თეთრი „რქაწითელი-მწვანე“, წითელი „საფერავი“, ვარდისფერი „როზე“. გარდა ამისა, კომპანიამ წელს სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“, 11 ჰექტარზე ხიხვის, ქისის და საფერავის ჯიშის ყურძნის ბაღი (ვენახი) გააშენა.
პროდუქცია ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, აშშ, რუსეთი, ჩინეთი და სხვა. მიმდინარეობს მოლაპარაკება ავღანეთში ღვინის გატანაზე.
გია გამტკიცულაშვილის ინფორმაციით, 2005 წლიდან ქვევრის ღვინო ბოთლში „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ ჩამოისხა. კომპლექსში ფუნქციონირებს 30 ნომრიანი სასტუმრო 25 მეტრიანი აუზით, რომელიც ზამთარში იხურება.
ტურისტს პურის ცხობის, ჩურჩელის ამოვლებისა და არყის გამოხდაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ დღეს კომპლექსი ტურისტული ჰაბია, სადაც გაერთიანებულია როგორც ღვინის წარმოება, ისე ტურისტული კომპლექსი.
სასტუმრო-კომპლექსი „ტყუპების ღვინის მარანი“ 2005 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად უფრო მეტ ტურისტს მასპინძლობს.
კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმრო, რესტორანი და „ქვევრის და ქვევრის ღვინის მუზეუმი“, რომელიც კულტურის სამინისტროს მუზეუმების ნუსხაში შედის. ტერიტორიაზე არის ბიო ვენახი, ბიო ბოსტანი და ბიო თხილის ბაღი.