ბიზნესი
11/06/2020

თხევადი გაზის აქციზი შესაძლოა ₾450-მდე გაძვირდეს - ასოციაცია კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს

თხევადი გაზის ასოციაცია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიცირებული კანონპროექტის თხევად გაზზე აქციზის მომატებასთან დაკავშირებით იწუნებს. ასოციაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, თხევადი გაზის აქციზი გახდეს 450 ლარი ალოგიკურია.

„მათი მსჯელობით, თხევადი გაზის აქციზი ერთ ტონაზე უნდა იყოს დიზელისა და ბენზინის აქციზებს შორის, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაცია პარლამენტს მიმართავს, რომ კანონპროექტი ბიუროზე დაბრუნდეს და ის არ იყოს დაჩქარებული წესით განხილული.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აქციზის 450 ლარამდე გაზრდა დამღუპველი იქნება ეკოლოგიურად სუფთა საწვავის დარგის განვითარებისთვის და გამოიწვევს სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას.

„პროექტის ავტორებს უნდათ აქციზის გაზრდა, რაც თავისთავად გამოიწვევს თხევადი გაზის (LPG) საბოლოო მომხმარებლებზე მისაწოდებელი ფასის მატება. 

მათი მიზანია კონკურენტი საწვავის გაქრობა ბაზრიდან. გასაგები მიზეზების გამო უნდათ თხევადი გაზის კონკურენტად წარმოაჩინონ ბუნებრივი აირი, რაც ყოვლად მიუღებელია. ისევ ვიმეორებთ, თხევად გაზზე გადადის ბენზინზე მომუშავე ავტომობილი და არა ბუნებრივ აირზე მომუშავე, ვინაიდან ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილი ისედაც 30%-ით უფრო იაფად გადაადგილდება, ვიდრე თხევად გაზზე მომუშავე. შესაბამისად, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილის თხევად გაზზე გადაყვანა ფინანსურად გაუმართლებელია. მთელ მსოფლიოში ალტერნატიული საწვავის აქციზების შედარება ხდება ბენზინის აქციზთან. ეს მიღებული პრაქტიკაა. ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, თხევადი გაზის აქციზი გახდეს 450 ლარი სრულიად ალოგიკურია. მათი მსჯელობით, თხევადი გაზის აქციზი ერთ ტონაზე უნდა იყოს დიზელისა და ბენზინის აქციზებს შორის, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისიწნებს თხევადი გაზის ორეტაპიანი აქციზის დაბეგვრის გაუქმებას (120 ლარი პლიუს 180 ლარი) და გადასვლას ერთეტაპიანი დაბეგვრის სისტემაზე 300 ლარით (დაბეგვრა შემოტანის მომენტში და ასევე სასაქონლო ნულოვანი საბაჟო კოდის გაუქმება), რასაც თხევადი გაზგასამართი სადგურების მფლობელთა ასოციაცია ეთანხმება, თუმცა ასოციაცია წუხს, რომ თხევადი გაზის აქციზი უნდა გაიზარდოს კიდევ დამატებით 150 ლარით და გახდეს 450 ლარი.

ასოციაცია ითხოვს სხვა ქვეყნების გამოცდილების ანალიზსა და ევროკავშირის რეკომენდაციების გაზიარებას, რომლის მიხედვითაც, მათი განმარტებით 1000 ლიტრ, ანუ 740 კილოგრამ, ეთილირებულ ბენზინზე აქციზის განაკვეთი არის 421 ევროა; არაეთილირებული ბენზინის შემთხვევაში 740 კილოგრამზე - 359 ევრო; 1 (ერთი) გიგაჯოული ბუნებრივი აირისთვის - 2,6 ევრო; ხოლო თხევადი გაზის შემთხვევაში, 1000 კილოგრამზე - 125 ევრო.

ასოციაცია ასევე ავრცელებს ევროკავშირის რეკომენდაციას.