ტიფანი ტერასა: "მწვანე პასპორტების" ამოქმედებამ სტუმრების აქტივობა შეგვიმცირა
Mira-Hotels-ის გენერალური დირექტორის მოადგილე დიმიტრი შველიძე ტურიზმის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და „მწვანე პასპორტის“ მექანიზმის ამოქმედების გავლენაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი განმარტებით, Mira-Hotels-ის ჯგუფში შემავალ რესტორან „ტიფანი ტერესაში“ სტუმრების აქტივობა მკვეთრად შემცირებულია, ეს კი „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებას უკავშირდება.
როგორც შველიძე აცხადებს, 1-ლი დეკემბრიდან პირველი რამდენიმე დღე სტუმრების რაოდენობა თითქმის 65%-ით იყო შემცირებული, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი შედარებით გაუმჯობესდა.
„30 ნოემბერს და 1 დეკემბერს თუ შევადარებთ, როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავება იყო, ასეთი კლება რესტორნებისთვის ერთგვარი შოკი აღმოჩნდა. პირველ დღეებში იყო ძალიან ბევრი კითხვა, დაბნეულობა. ხალხის მასა, ჯერ კიდევ ვერ ხვდება რა არის „მწვანე სტატუსი“, ბოლომდე არ არის ინფორმირებული და ახლა ნელ-ნელა გადაწყობა ხდება. კლება ცალსახად არის როგორც ჩვენთან, ისე სხვაგანაც, მათ შორის, სწრაფი კვების ობიეტებშიც.
დღემდე იწერებიან, კითხულობენ შემოშვებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, ყოველდღიურად 6-დან 10 კაცამდე უკან გაბრუნება მიწევს გამომდინარე იქიდან, რომ ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს,“ - აცხადებს შველიძე.
მისივე განცხადებით, სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ არის, თუმცა, კომპანიის ადმინისტრაცია მორგებას ცდილობს.
„პრობლემა ბევრწახნაგიანია, მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით ვერ ისაუბრებ, ასეთ სიტუაციაში ოპერირება ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შემოსულია „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი.
მნიშვნელოვანია რეგულაცია ბევრად უფრო ფართო მასშტაბით გავრცელდეს და არა მხოლოდ იმ სექტორებზე, რომლებსაც უკვე ბევრჯერ „გადაუარეს“ და შეზღუდეს. საუბარია, ისევ და ისევ რესტორნებზე, სასტუმროებზე, ფიტნეს დარბაზებზე და მსგავს დაწესებულებებზე და არა მაგალითად, მოლებზე, სუპერმარკეტებზე. როდესაც რესტორნებში ვეღარ შემოდის ხალხი, სუპერმარკეტების სწრაფ კვებას ეტანება. შესაბამისად, სახარბიელო მდგომარეობა იქით გადავა,“-აცხადებს შველიძე.
Mira-Hotels-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს მოლოდინებზე საუბარი უჭირს და აცხადებს, რომ ახლა წინასწარ რაიმეს დაგეგმვა და განსაზღვრა რთულია.
შეგახსენებთ, Mira-Hotels-ი სასტუმროს მართვის კომპანიაა, რომლის პორტფელშიც შედის სასტუმრო „რივერ საიდი“, რესტორანი „ტიფანი ტერასა“, „ტიფანის ბარი თბილისში“ და Mira Travel-ი.
რაც შეეხება შეზღუდვას, საქართველოში "მწვანე პასპორტი" 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.
მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეუძლიათ შესვლა:კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში,სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.