ბიზნესი
30/09/2022

თიბისის მხარდაჭერით, მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

2 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, რომელიც ექსპო ჯორჯიაში კვირას 09:00 საათიდან გაიხსნება.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი, EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი სევერიან ღვინეფაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სუქნიძე დაესწრებიან.

„თიბისი მეწარმე ქალების ექსპოს პარტნიორია, რადგან ღონისძიება აერთიანებს თიბისისთვის პრიორიტეტულ სამ მიმართულებას: ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეობის ხელშეწყობას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, განათლებასა და პროფესიული უნარების განვითარებას. ბიზნესის განსავითარებლად და მეწარმეობის წასახალისებლად, თიბისი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. მათ შორისაა პროგრამა სტარტაპერი, რომელშიც ბევრი მეწარმე ქალია ჩართული. თიბისისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური პასუხიმგებლობაცაა, რომლის მიზანია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება და ამასთან, საზოგადოებაში თანასწორობის მიღწევა და მრავალფეროვნების წახალისება,“ - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 100-მდე მეწარმე ქალი მიიღებს და გამოფენის სტუმრებს წარუდგენს საკუთარ პროდუქციას, რომლის შეძენაც  ადგილზევე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი მეწარმე ქალებისთვის სამოტივაციო და საგანმანათლებლო სესიების, გამოსვლებისა და პრაქტიკული მასტერკლასების ჩატარებასაც ითვალისწინებს. საინტერესო პროგრამა ელით ვიზიტორებსაც: გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები.

მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თიბისი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეწარმე ქალების პროგრამის ფარგლებში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

საქართველოს პარალელურად, ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში - თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა და ყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.