ბიზნესი
18/09/2020

თიბისის ახალი სათავო ოფისის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება

„თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისის, „თბილისის ბიზნესცენტრის“  მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისიში“ განუცხადეს, მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება  რკინა-ბეტონის სამუშოების 83%.

პროექტი სრულად 2022 წლის ზაფხულის პერიოდში დასრულდება. ახალი სათავო ოფისის ჯამური ფართობი დაახლოებით 70,000 კვადრატული მეტრია. პროექტის ბიუჯეტი 72 მლნ დოლარი.

„თიბისიში“ აცხადებენ, რომ  COVID 19-ის გამო მშენებლობის გრაფიკში გარკვეული ცვილებების შეტანა მოუწიათ, თუმცა სამუშაოები არ შეჩერებულა და ამ დრომდე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

პროექტი ეფუძნება თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. 13 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი 2 000 თანამშრომელზეა გათვლილი, მთლიანად ენერგოეფექტურია და მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს. პროექტი 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80% კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა.

თიბისის ახალი სათავო ოფისი ითვალისწინებს ისეთი შენობა-ნაგებობების მშენებლობას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები და ჯანსაღი ეკოსისტემა შეიქმნება. 

ახალი სათავო ოფისი საბანკო სექტორში აქამდე არსებულ დახურული სივრცის კონცეფციას ურთიერთობებზე ორიენტირებული ღია და მოქნილი სივრცით ჩაანაცვლებს. ოფისში თანამშრომლები მეტი ინტერაქციით და მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას შეძლებენ.

„თბილისის ბიზნესცენტრის“ ადგილმდებარეობა მისი დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლისის ტბის ბუნებრივი ლანდშაფტის ფონზე ახალი საოფისე კომპლექსი მწვანე გარემოს ნაწილი გახდება, სადაც დედაქალაქის ურბანულ ელემენტებს ვენახებით გამდიდრებული ბუნებრივი ლანდშაფტი ენაცვლება.

თიბისის ახალი სათავო ოფისის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს მათი ტერასული განლაგებისა და დიდი ზომის აივნების წყალობით. სწორედ ეს არის ამ კონცეფციის მთავარი ამოსავალი: ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, მთის ფერდობზე შეფენილი კომპლექსი, სადაც  ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემოა შექმნილი. თიბისის თანამშრომლები  კომფორტულ გარემოში მუშაობას და დასვენებას, კოლეგებსა და სტუმრებს შორის ინტერაქციას შეძლებენ. შენობაში განთავსდება რესტორნები, ფიტნეს კლუბები, სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის და ა.შ.

პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვუურეა, რომელიც საერთაშორისო კომპანიას - UN Studio-ს წარმოადგენს. UN Studio-მ პროექტის განხორციელების დაწყებამდე სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, საფუძვლიანად გამოიკვლია ლოკაცია, შეისწავლა თიბისის, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები.

„თიბისის ახალი სათავო ოფისი სავიზიტო ბარათი გახდება თიბისი ჯგუფისთვის, რომელშიც გაერთიანდება ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსი საქართველოში პირველად შენდება“-აცხადებენ თიბისიში.

თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობას 2018 წლის 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე ჩაეყარა საფუძველი.