ბიზნესი
12/10/2020

თელავის მოსახლეობის უწყვეტ წყალმომარაგებაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავში დაგეგმილ წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებები 20 ნოემბერს გაიხსნება.

თელავის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი 8.5 მლნ დოლარით დააფინანსებს.

დაგეგმილი წყალმომარაგების ახალი ქსელის, წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვიარებისა და ჭაბურღილების მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ 30 000-მდე ადგილობრივი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნვეელყოფილი.

დღეის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, ნაწილს კი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით.

საერთაშორისო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოეწყო  ჭაბურღილები და გამრიცხველიანდა მოსახლეობის ნაწილი, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. გაზაფხულისთვის დასრულდება თელავის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოები.