“თელასი“ და “ენერგო-პრო ჯორჯია“ 5 წელიწადში ₾500 მლნ-მდე ინვესტიციის განახორციელებას გეგმავენ
,,თელასი“ და ,,ენერგო-პრო-ჯორჯია“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციის განახორციელებას გეგმავენ. აქედან, ,,თელასი“ ქსელის განვითარებისთვის 77 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს, ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საინვესტიციო პროექტებზე კი 400 მილიონ ლარზე მეტი მოდის.კომპანიები, საინვესტიციო გეგმებს ,,სემეკთან“ უკვე ათანხმებენ.
ინვესტიციები ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ტარიფების განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, ,,ბიზნესპარტნიორმა“ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს მიმართა, თუ როგორ აისახება საინვესტიციო გეგმები ახალი ტარიფების განსაზღვრაში.
როგორც ცნობილია, ,,სემეკი“ უკვე მუშაობს ახალი ტარიფების დადგენაზე როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის. კომპანიები ჯერჯერობით თავს იკავებენ ტარიფებზე ღიად საუბრისგან, მათ კონკრეტული რიცხვების დასახელება უჭირთ, თუმცა, ელექტროენერგიის საფასურის ზრდას არ გამორიცხავენ. რაც შეეხება ახლადდამტკიცებულ საინვესტიო გეგმებს,“ენერგო-პრო-ჯორჯია“ ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ინვესტიციები ძირითადად ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად იქნება მიმართული.
,,ენერგო-პრო-ჯორჯია“ საქართველოს მასშტაბით 1.2 მლნ მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გარკვეული პრობლემები იქმნებოდა. ჩვენი ინვესტიციები ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული და პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მუნიციპალიტეტებში დაიწყება ალტერნატიული, ე.წ. ,,კვების ხაზის“ მშენებლობა, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ აღარ არსებობდა.
ალტერნატიული ხაზის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ დაზიანდება ელექტროენერგიის გადამცემი ძირითადი ხაზი, გადართვა განხორციელდება ახლად აშენებულ კვების ხაზზე და შესაბამისად, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღარ შეუწყდება. ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიის და ენერგოეფექტურობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ინვესტიციებს ძირითადად ამ მიმართულებით გამოვიყენებთ “ - განაცხადა ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ რეგულირების დეპარტამენტის მენეჯერმა ილია მათიაშვილმა.