თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება "ვისოლის" შვილობილმა "ალმამ" მოიპოვა
თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება კომპანია „ალმამ“ მოიპოვა.
კახა კალაძის თქმით, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი 15-წლიანი უფლება ორ ლოტად - 34 მლნ ლარად გაიყიდა.
„გასულ კვირას დასრულდა გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლების მოპოვებაზე გამოცხადებული აუქციონი, რომელშიც ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. შედგა ვაჭრობა და გამარჯვებული გვყავს შპს „ალმა“. 15-წლიანი უფლება ჯამურად ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მიიღებს. როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, კომპანიას აქვს ვალდებულება, ეს თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული თანხით მომდევნო წლებში დედაქალაქში საინტერესო პროექტები განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ "ალმა" "ვისოლ ჯგუფში" შემავალი კომპანიაა. როგორც აუქციონამდე "ბიზნესპარტნიორთან" ჯგუფის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე აცხადებდა, აუქციონში გამარჯვება კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ჯგუფი უკვე 23 წელია ჩართულია გარე რეკლამის ბიზნესში და, ვფიქრობთ, საკმაოდ წარმატებით ვუძღვებით ამ საქმეს. "ვისოლ ჯგუფი" სარეკლამო მიმართულებით ფლობს სხვადასხვა ტიპის აქტივებს და ამ აუქციონში გამარჯვებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ბიზნესი არის ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება და როგორც აღვნიშნე ჩვენთვის ძალიან ღირებულია გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების მოპოვება,” - აღნიშნავდა სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორთან“.