ბიზნესი
16/11/2020

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა ოქტომბერში 4%-ით შემცირდა

თბილისში უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა შემცირებულია.

უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანია Colliers International Georgia-ს კვლევის მხიედვით, თბილისში, 2020 წლის ოქტომბერში 3,117 ტრანზაქცია დაფიქსირდა, ეს მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, ის 4%-ით არის შემცირებული და 139 მლნ დოლარს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, ახალაშენებული ბინების პრემიუმ და მედიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 38% და 26%-ით ჩამორჩება. ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ ეკონომ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 12%-ით გაიზარდა და 1,808-ს მიაღწია.

ახალაშენებული ბინების რაოდენობა 20%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა და 7,079 ერთეული შეადგინა.

2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა 24%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 666 მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 281 მილიონი აშშ დოლარი იყო.