ბიზნესი
24/02/2021

თბილისის მერია ელექტრომობილების დამტენების პროექტს ცვლილებებით აგრძელებს

თბილისის მერია ელექტრომობილების დამტენების პროექტს ცვლილებებით აგრძელებს, თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებები შევა პროექტში მერს არ დაუკონკრეტებია.

2 წლის წინ დაწყებული პროექტის ფარგლებში ქალაქში უკვე დამონტაჟებულია 30 ელექტროდამტენი. როგორც მერმა განაცხადა, პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო პროექტი შეჩერდა.

კალაძემ ვიცე-მერს პროგრამის თავიდან შემუშავება დაავალა, რომლის მიხედვითაც, ელექტროდამტენები ელექტრომობილების მფლობელების საცხოვრებელ სახლებთან განთავსდება.

„პროგრამა ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანისა და მოხმარების წახალისებას ემსახურებოდა. მოვამზადეთ პროექტი, შევთავაზეთ ბიზნეს სექტორს, ქალაქის მასშტაბით 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟებულიყო. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 30 დამტენი დამონტაჟდა, თუმცა, არსებული პანდემიის გამო, ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, ამ კომპანიასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერი ელექტრომობილების მფლობელებს განაცხადის გაკეთებისკენ მოუწოდებს და თუ შესაძლებელი იქნება, ელექტროდამტენებს თავიანთ საცხოვრებელ სახლებთან განვათავსებთ.

"ამ მიმართულებით არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური ჩაერთვება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემუშავდეს პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც შესაძლებელია მისი გაყიდვაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში ელექტროდამტენები დამონტაჟდა გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში. თავის დროზე განაცხადების შეტანის მიზნით სპეციალური ვებპლატფორმა www.chargers.tbilisi.gov.ge შეიქმნა, თუმცა ის ამ დროისთვის მიუწვდომელია.

მერიამ აუქციონიც გამოაცხადა და 2019 წლის 19 მარტს კონკურენტული შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით, ელექტრომობილების მონტაჟი კომპანია „ქართლი ენერჯის“ უნდა ეზრუნველეყო.

მაშინ ითქვა, რომ ელექტრომობილების დამტენების განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაში კომპანია მომხმარებელს უსასყიდლოდ მოემსახურებოდა, ერთი წლის შემდეგ კი კომპანია მომსახურების ტარიფი კომპანიას უნდა განესაზღვრა.