ბიზნესი
06/11/2020

Tbilisi Marriott-ი: მენეჯმენტი მაქსიმუმს აკეთებს თანამშრომლების შესანარჩუნებლად

სასტუმრო Tbilisi Marriott-ი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შექმნილ სიტუაციაში ცდილობს ადგილობრივ სეგმენტს ინდივიდუალური შეთავაზებები გაუკეთოს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Tbilisi Marriott Hotel-ის საზოგადებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის კოორდინატორმა  ქეთო შუბლაძემ განუცხადა, თბილისის ბრენდული სასტუმროები შექმნილი სიტუაციის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ, შესაბამისად, მათ  უამრავი სირთულის გადალახვა უწევთ.

მისი განცხადებით, პანდემიამდე Tbilisi Marriott Hotel-ის ძირითად სეგმენტს უცხოელი ტურისტები წარმოადგენდნენ, დღეს კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ქეთო შუბლაძე განმარტავს, რომ დღეს ჯავშნები შედარებით შემცირებულია.

„ამ სიტუაციაში მუშაობა ძალიან რთულია,თუმცა სასტუმროს სრული შემადგენლობა მაქსიმალურად ვცდილობთ ეფექტურად ვიმუშაოთ. როგორც კი დაიწყო პანდემია, მივიღეთ უსაფრთხოების ზომები, დეზინფექცია, ოთახების დალაგება-დასუფთავება ყველა წესის დაცვით ხდება. რადგან კიდევ გამწვავდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ძირითადად, დისტანციურ რეჟიმზე გადავედით ადმინისიტრაცია, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.  ჩვენგან განსხვავებით მუდმივად ადგილზეა მომსახურე პერსონალი კაფეში და სასტუმროს მიმღები (Reception). მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ Tbilisi Marriott Hotel-ი ასეთ დროსაც კი არ აგდებს ხარისხს,“ - აცხადებს  ქეთო შუბლაძე.

Tbilisi Marriott Hotel-ში დახურვის სცენარს არ განიხილავენ, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს.

როგორც შუბლაძე განმარტავს, სასტუმროს მენეჯმენტი მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს, რომ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნოს.