ბიზნესი
06/04/2022

TBC Capital: ომი ღვინის ქართველ მწარმოებლებს ეთიკური დილემის წინაშე აყენებს

მსხვილი და ზოგიერთი საშუალო მწარმოებლის უმრავლესობა, რომელიც ძირითადად დამოკიდებული არიან კომპრომეტირებულ ბაზრებზე, კომპლექსურ გამოწვევებს აწყდებიან გადახდის საკითხებიდან დაწყებული ეთიკურ დილემამდე.

დღეს საქართველოს მთლიანი ექსპორტი უფრო დიდი და დივერსიფიცირებულია ვიდრე 2006 წლის შოკის დროს, თუმცა, რუსეთ–უკარინის ომის უარყოფითი გავლენა მაინც გარდაუვალია.

TBC Capital–ი თავის სპეციალურ გამოცემაში ომის შედეგებს აფასებს და ღვინის ინდუსტრიის წამომადგენლებისთვის ორ სცენარს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური და რეპუტაციასთან დაკავშირებული ფაქტორები მომდევნო თვეებში ღვინის ექსპორტის მთავარი დაბრკოლება იქნება.

დროული გადაწყვეტის სცენარით, მთლიანი ექსპორტი 2022 წელს 33%-ით, ხოლო დაგვიანებული გადაწყვეტის შემთხვევაში 44%-ით შემცირდება.

ფაქტორული ანალიზის მიხედვით, ომი კომპრომისს უყენებს ქვეყნების ეკონომიკას. უარყოფითი ეკონომიკური ზემოქმედება მოიცავს მშპ-ს შემცირებას, ვალუტის გაუფასურებას. გარდა ამისა, ომი ქართველი ღვინის მწარმოებლებს ეთიკური დილემის წინაში აყენებს, ერთი მხრივ, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის გაგრძელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ რეპუტაციას, მეორე მხრივ კი ქართული ღვინის ბევრი ექსპორტიორისთვის რუსეთი მთავარ ბაზარს წარმოადგენს და ამ ბაზრის დატოვებამ შეიძლება დრამატული შედეგები მოიტანოს.

ომის ნეგატიური ზემოქმედების შერბილებისთვის მწარმოებლების აზრით, საჭიროა ღვინის ალტერნატიულ ბაზრებზე გადანაწილება ან ბაზარზე სასურველი პირობების დადგომამდე მისი რეზერვების სახით შენარჩუნება.

თუმცა, აქაც არის გამოწვევები, მაღალი კონკურენციის გამო, ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომა საკმაოდ შეზღუდულია, რადგან გააქტიურდნენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასევე ცდილობენ რუსული ბაზრის ჩანაცვლებას ალტერნატიული ბაზრებით.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ღვინის ექსპორტმა $234 მლნ–ს მიაღწია. რუსეთის წილმა კი 56% შეადგინა, რასაც მოჰყვება უკრაინა 10%–ით, ჩინეთი - 7%, პოლონეთი - 6%, ბელარუსი -5%, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები - 4%.