ბიზნესი
22/04/2022

TBC Capital: ქართულ FMCG სექტორში ელკომერციის წილი იზრდება

TBC Capital–ის კვლევის მიხედვით, გლობალური ტენდენციის მსგავსად, ქართულ FMCG სექტორში ელექტრონული კომერციის წილი იზრდება. ასევე, ქართული FMCG ბაზრის მოთამაშეების 80% მომხმარებლებს შიდა რესურსით ან მესამე მხარის ჩართულობით, ადგილზე მიტანის მომსახურებას სთავაზობს. 

"სწრაფადბრუნვადი პროდუქტების ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თიბისისთვის. თიბისი კაპიტალის კვლევა გვაჩვენებს, რომ ამ ეტაპზე სექტორის ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ორგანიზებულმა ბაზარმა მთლიანი ბაზრის წილის რეკორდულად მაღალ ნიშნულს - 31%-ს მიაღწია. კოვიდ პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში, FMCG ბაზარი საშუალოდ 24%-ით გაიზარდა. სამომავლოდ მოსალოდნელია ზრდის მეტად დასტაბილურება.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შეცვლილია მიწოდების ჯაჭვები, საჭირო ხდება ბაზრების ჩანაცვლებაც, თუმცა ქართული ბაზარი სწრაფად რეაგირებს და ახლო მომავალში პრობლემური ბაზრებიდან იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ინფორმაციისთვის, TBC Capital-მა სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებული კვლევის მიზანია კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა.