ბიზნესი
30/06/2023

"თავთუხი" ქუთაისში ბრენდული ჯიხურების გახსნას გეგმავს

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „თავთუხი“ წლის ბოლომდე ბრენდული ჯიხურების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა, მზია ბენდელიანმა განუცხადა.

კომპანია „თავთუხი“ ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისში ფუნქციონირებს და ქსელურ მარკეტებს პროდუქციით ამარაგებს. ამ დროისთვის "თავთუხი" საკუთარი პროდუქციას საწარმოსთან არსებული სავაჭრო სივრცის საშუალებით და ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის შედეგად ყიდის. 

როგორც ბენდელიანი აცხადებს, კომპანია ქსელური ჯიხურების დაფუძნებაში დაახლოებით 50 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.  მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ლოკაციები შერჩეულია და ჯიხურების ამოქმედება სექტემბერი-ოქტომბრის თვეში იგეგმება.

საწარმო ნედლეულს ფერმერებისგან ყიდულობს და ნაწარმს ეკოლოგიურად ჯანსაღი ნედლეულისგან ამზადებს.

„ქსელურ მარკეტებში ჩვენს მიერ წარმოებული  4 სახის პური შედის, თუმცა მომხმარებელს  სარეალიზაციო სივრცეში მრავალფეროვან პურ-ფუნთუშეულის ასორტიმენტს ვთავაზობთ, მათ შორის დიაბეტურ ხაზს. რუხი პურის ნაირსახეობა გვაქვს (წითელი დოლი, ჭვავი და თავთუხი დიკა).

წარმოებული პროდუქციიდან ყველაზე მოთხოვნადი წითელი დოლისა  და თავთუხი დიკასაგან დამზადებული პურებია.“- აცხადებს ბენდელიანი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ისინი  მომხმარებელს დიაბეტურ პურს სთავაზობენ, თუმცა სათანადო ლიცენზია არ აქვთ. ამის გამო ნაწარმის დიაბეტურ ხაზად აღიარება არ შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, წლის განმავლობაში იგეგმება ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო აქტივობების განხორციელება, რათა დიაბეტური ხაზი გააქტიურებას მეტად გააქტიურდეს და განვითარდეს.  

ამასთან „თავთუხი“ საკონდიტრო ხაზის გააქტიურებას აპირებს.

კომპანიამ ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინა, რომელიც წარმოების გაფართოებასა და პროდუქციის გამრავალფეროვნებას ხელს შეუწყობს. 

ცნობისთვის, პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „თავთუხი“ ქუთაისი ბაზარზე 7 წელია ოპერირებს.

 

Businesspartner