TAV Georgia-ს შემოსავლები 74%-ით შეუმცირდა
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ „ტავ ჯორჯიას“ შემოსავლებში მკვეთრი კლება აქვს.
2020 წლის 8 თვეში, დაგეგმილთან შედარებით, კომპანიის შემოსავლები შემცირებულია 144 მილიონ ლარამდე [-74%], წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი 133 მილიონ ლარამდე [-73%].
კომპანიის წლიური საპროგნოზო მონაცემებით 2020 წელი დაიხურება შემოსავლების ნაწილში 64%-იანი კლებით. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას კომპანიამ მოახერხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხარჯების 19%-ით შემცირება და ეს იმის ფონზე, რომ არ მომხდარა თანამშრომლების შემცირება.
„კომპანიის გადაწყვეტილებით ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნა სამუშაო ადგილი, რაც მენეჯმენტის თანამშრომლებისადმი დამოკიდებულების მკაფიო მაგალითია. პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ შეიმუშავა ხარჯების შემცირების გეგმა, რომლის კონტროლი ყოველთვიურად ხდება. ჯამში ხარჯების შემცირების შედეგად კომპანიამ 2020 წლის 8 თვეში დაზოგა 3.5 მილიონ ლარზე მეტი საოპერაციო ხარჯების ნაწილში. პროგნოზის მიხედვით ხარჯები წლის ბოლომდე შემცირდება 5 მილიონ ლარზე მეტით, ბიუჯეტირებულთან შედარებით“, - აღნიშნავს კომპანია.
დაგეგმილთან შედარებით 2020 წლის 8 თვის რეალური მგზავრთა ნაკადი 86%-ითაა შემცირებული წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ, როცა 2019 წლის 8 თვის განმალვობაში აეროპორტი მოემსახურა 2,652 ათას მგზავრს, 2020 წელს იმავე პერიოდში მხოლოდ 515 ათასს, რაც 5-ჯერ ნაკლებია.
რაც შეეხება საჰაერო ხომალდების რაოდენობას 2020 წლის 8 თვის მაჩვენებლები, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 78%-ით, ბიუჯეტირებულთან შედარებით 79%-ით.
რაც შეეხება 2019 წლის მაჩვენებლებს, „ტავ ჯორჯიამ“ 260.6 მლნ ლარის შემოსავალი და 163.59 მლნ ლარის მოგება მიიღო.