თანამშრომლების ტესტირება სავარაუდოდ, რესტორნებისთვისაც სავალდებულო გახდება
კორონავირუსზე თანამშრომლების ტესტირება სავარაუდოდ, რესტორნებისთვისაც სავალდებულო გახდება. ეს რესტორატორებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემაა.
"თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არა მარტო აუცილებელია სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ კარგი მარკეტიგნული სვლაც იქნება რესტორნებისთვის. მომხმარებელი ისეთ რესტორანს ესტუმრება, სადაც ეცოდინება, რომ მომსახურე პერსონალი პერიოდულად იტესტება",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, რეგულაციების მოხსნა თითოეული მოქალაქის პასუხსისმგებლობაა.
"რეგულაციების შემდგომი შემსუბუქების კალენდარი თითოეული ჩვენგანის ხელშია. ჩვენ თუ ახლა კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით და შევასრულებთ ყველა აუცილებელ მოთხოვნას, ეს თარიღები მით უფრო მალე დადგება",- განაცხადა მინისტრმა.