ბიზნესი
18/01/2021

თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს - თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კონტროლის რეგულაციის შესაბამისად კანონის აღსრულებას მოითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან „თამბაქოს კონტოლის შესახებ“ კანონით ახალი რეგულაცია ამოქმედდა, აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა, შესაბამისად კანონი უნდა აღსრულდეს და თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს.

"მოვუწოდებთ ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად გამოუფენია თამბაქოს ნაწარმი, ლეტალური პროდუქტი, დაუყოვნებლივ აღასრულოს კანონი. ვიმედოვნებთ, შემოსავლების სამსახური თამბაქოს კონტროლის კანონის ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევას გამოავლენს და მომავალ თაობებს მომაკვდინებელი პროდუქტისაგან დაცავს", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

თმბაქოს კონტროლის ალიანსში აღნიშნავენ, რომ რეგულაცია 2017 წლის მაისში, კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის სახით დამტკიცდა და გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არაა დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. ასევე, შიდა ხილვადობა არაა აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში, ე.წ. „დუტი ფრი“ ზონაში.

"რეგულაციის მიზანია მოზარდების და ახალგაზრდების თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენისგან დაცვა.

საქართველოში, 2016 წელს, 8-12 წლის ბავშვებში, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა, რომ თამბაქოს ნაწარმის დიზანი განსაკუთრებით მიმზიდველია მოზარდებისთვის და კვების პროდუქტებთან ერთად მათი განთავსება ქმნის ილუზიას, რომ თამბაქოც ერთ-ერთი მათგანი, ანუ აუცილებელი მოხმარების პროდუქტია. ბავშვები დიზანის საშუალებით იმასაც კი განსაზღვრავენ, თამბაქოს რომელი პროდუქტი რომელი სქესისთვის არის განკუთვნილი.

ცოტა ხნის წინ, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ამ ეფექტური რეგულაციის ძალაში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ თამბაქოს ინდუსტრია და მათი ფრონტ ჯგუფები. კორონავირუსით გამოწვეული პრობლემებით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მანიპულირებდნენ, თითქოს ეკონომიკურად კრიზისულ პერიოდში აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება გავლენას მოახდენდა სავაჭრო ობიექტების შემოსავალზე, რაც სრული აბსურდია და შესაბამისად ხელისუფლების არცერთმა შტომ არ გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ინდუსტრია სავაჭრო ობიექტებს ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის თანხას უხდის მათ სივრცეში თამბაქოს სარეალიზაციო თაროების გასათავსებლად. არადა, 2018 წლიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, შესაბამისად, თუ თამბაქოს ინდუსტრია მისი ნაწარმის რეალიზაციის ხელშეწყობისათვის რომელიმე სავაჭრო ობიექტს ან სავაჭრო ქსელებს ჯერ კიდევ უკანონოდ უხდის რაიმე სახის თანხას, ეს არის დანაშაული, რისი აღკვეთაც შემოსავლების სამსახურის ვალდებულებაა.

თამბაქოს კონტროლის მონიტორინგის ჯგუფმა ამ ეტაპზე, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ზოგიერთ მაღაზიაში კანონის დარღვევები გამოავლინა. კერძოდ, სავაჭრო ობიექტის შიგნით ჯერ კიდევ ხილულად განლაგებულია თამბაქოს ნაწარმი ნიკორას, იოლის, ორი ნაბიჯის, ზღაპარის, სპარის, ევროპროდუქტის, დეილის და სხვათა მაღაზიებში. აღნიშნული დარღვევის შესახებ მონიტორების მიერ გამოვლენილი ინფორმაცია მიეწოდა შემოსავლების სამსახურს. შედეგად ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული და სხვა დამრღვევი სავაჭრო ობიექტები მალე დაიცავენ კანონის მოთხოვნას, რომლის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია სავაჭრო ობიექტისათვის პირველ ჯერზე 2000 ლარია", - განმარტავენ ალიანსში.