ბიზნესი
15/02/2022

თამარ გაბუნია: GMP სერტიფიკატი წამლების ფასზე გავლენას ვერ მოახდენს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მედიკამენტების იმპორტიორებისთვის GMP სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულების დაკისრებას ფასზე პირდაპირი ზემოქმედება არ ექნება. 

"კონკრეტული ინიციატივის პირდაპირი მიზანი ფასის შემცირება არ არის. ფასის შემცირება ცალკე კომპლექსური პროცესია და არსებული კანონპროექტი ნამდვილად არ ქმნის არანაირ მექანიზმს, იმისთვის, რომ ბაზარზე რამენაირად ფასის შეკავება მოხდეს. ამას ცალკე დასჭირდება დამატებითი მუშაობა",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, კარგი საწარმოო პრაქტიკის დამადასტურებელი საბუთი გარანტიაა, რომ ფარმაცევტული პროდუქტი ხარისხიანია და საქმე არ ეხება ფალსიფიკაციას. 

"მნიშვნელოვანია, ხარისხის უზრუნველყოფისთვის სტანდარტი დოკუმენუტრად დადასტურებული იყოს წარმოდგენილი და ქართველ მარეგულირებელს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სრული დოსიე განიხილოს", - აცხადებს თამარ გაბუნია. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის GMP-ის დანერგვასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია გაიმართა.  

გაბუნია მიიჩნევს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეული ინვესტიცია სჭირდებათ, რათა წარმოება გააუმჯობესონ. 

"ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ეს ნამდვილად ხარჯეფექტური ინიციატივაა და ხარისხიან წამალზე დახარჯული ინვესტიცია იძლევა ბევრად მეტ დანაზოგს გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი ინფორმაციით, ამ დღეის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 12 700 ფარმაცევტული პროდუქტი, აქედან 4 000 აღიარებითი რეჟიმით, 8 000 ეროვნული რეჟიმით.

"მნიშვნელოვანია, 8000-ში ჩვენ გარანტირებულად გვქონდეს იმის დასტური, რომ ეს პროდუქტები წარმოებულია კარგი საწარმოო პრაქტიკის მქონე ქარხნებში და მწარმოებლებში.

იმპორტიორებისთვის GMP-ის დაწესებისას საუბარი არი არის 1 ლარით ფასის მომატებაზე ან შემცირებაზე. საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხთან დაკავშირებულ სარგებელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვისთვის და ზოგადად, იძლევა მნიშვნელოვან დანაზოგს. ამ ინიციატივას ფასთან დაკავშირებით პირდაპირი ზემოქმედება არ ექნება. ჩვენ დავბრუნდებით დამატებითი ინიციატივებით, რომელიც დაკავშირებული იქნება უფრო კომპლექსურ რეფორმასთან ფარმაცევტულ ბაზარზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ სესიაზე, სადაც "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ. საკანონმდებლო ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია წარადგენს. 

კანონპროექტის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისთვის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატი სავალდებულო გახდება.

 

Businesspartner