ბიზნესი
16/06/2020

თამარ არჩუაძე: მაღალი რისკის ქვეყანა არ ვართ და ჩვენი აეროპორტები COVID-19-ისგან დაზარალებულთა სიაში არ არის

COVID-19-მა შესაძლოა მგზავრის აეროპორტებში მისვლის დრო გაზარდოს, რასაც თავის მხრივ ის რეგულაციები განაპირობებს, რისი დანერგვაც COVID-19-ის პანდემიამ ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს აიძულა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირბადის სავალდებულო ტარებას, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვას და მგზავრების თერმოსკრინინგს.

2020 წლის ტურიზმისა და მასპინძლობის ონლაინ კონფერენციაზე კონფერენციაზე თამარ არჩუაძემ აეროპორტების მზაობასა და მოსალოდნელ პროცედურებზე ისაუბრა. ონლაინ კონფერენცია Welcome to Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.

"საქართველოს აეროპორტები EASA-ს COVID-19-ისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის, რადგანაც ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად მიჩნეული არ არის. ჩვენთვის მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და ამიტომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ დეზინფექციას. გარდა მიმდინარე სადენზინფექციო სამუშაოებისა აეროპორტებში განთავსებულია დამატებითი სადენზინფეციო სითხეები. აეროპორტების დალაგება მიმდინარეობს უფრო ინტენსიურ რეჟიმში. აეროპორტები ყოველთვის იყო ხალხმრავალი ადგილი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ როგორც ინდუსტრია ვამბობთ, რომ ტერმინს "დალაგება" - ეს გულისხმობს დალაგებას სპეციალური სითხეებით. დეზინფექცია და სადენზინფექციო ხსნარები ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოყენების და ყოველდღიური დალაგებაც სწორედ ამ პროცესს მოიცავს. ყველა აეროპორტში არის სპეციალური ვენტილაციის სისტემა, რომელიც გარედან სუფთა ჰაერის შემოდინებას უზრუნველყოფს. ასევე კონდენცირება. შესაბამისად, გარედან რაიმე დამატებითი ზომების გატარება ჩვენ არ გვიწევს. ამიტომ მგზავრებს აეროპორტში მოსვლისას განსხვავება დახვდება, მხოლოდ პირბადის ტარება, ტემპერატურის შემოწმება და დისტანცირების დაცვა. ყველა დანარჩენი პროცედურა განხორციელდება ისე, როგორც ადრე. არ ველოდებით პროცედურების დროში განსაკუთრებულად ზრდას, თუმცა ვიკავებთ თადარიგს და აეროპორტში 3 საათით ადრე გამოვცხადდებით", განაცხადა თამარ არჩუაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალი მე-15-ედ განაახლა და საქართველო მასში არც ერთხელ არ მოხვდა.

ევროპის საავიაციო ხელისუფლება ავიაკომპანიებს მოუწოდებს მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები COVID 19-ის რისკების შესამცირებლად. ის სიაში არ მოხვდა საქართველოს აეროპორტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არ არის მიჩნეული ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად. შესაბამისად ავიაკომპანიებს არ მოეთხოვებათ დამატებითი ზომების მიღება საქართველოში ოპერირების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო ხელისუფლებამ თხუთმეტჯერ განაახლა ჩამონათვალი და საქართველო და მისი აეროპორტები ამ სიაში არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა შეყვანილი. სიის შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი პარამეტრები: აქტიური შემთხვევების რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ინფიცირების ყოველდღიური სტატისტიკა, ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი და სხვა.

Businesspartner