ტაქსი 200-200: "მწვანე ბარათის" ამოქმედებისთვის საჭირო თანხები მთავრობამ უნდა გამოყოს
ტაქსის კომპანია 200-200-ის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,რომ მთავრობამ „მწვანე ბარათების“ ამოქმედების გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს, თუმცა, მისთვის უცნობი და ბუნდოვანია, როგორი იქნება კონტროლის მექანიზმები.
„მწვანე ბარათის ამოქმედებას რა თქმა უნდა ვეთანხმებით, დაცული იქნება მძღოლი, მომხმარებელი და ეს სიტუაციის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
როდესაც მანქანა გამოძახებაზე მიდის, მომხმარებელი ამბობს, რომ აქვს მწვანე ბარათი და ამ დროს, აღმოჩნდება, რომ ტყუის, ასეთ დროს რა ხდება? შესაბამისად, თავად მთავრობამ უნდა მოიფიქროს, როგორ მოხდება ამის გაკონტროლება.
რაც შეეხება ხარჯებს, ისედაც დაზარალებულ სექტორს, რომელიც ძლივს სუნთაქვს, ინვესტირების საშუალება არ აქვს. ამიტომ, ამ კუთხით ფინანსები მთავრობამ უნდა გამოყოს. ეს საქმე აუცილებლად გასაკეთებელია, სულ რომ გაჩერდეს ტაქსი და მხოლოდ სასურსათო მაღაზიები დარჩეს, მაინც გასაკეთებელია, ხალხი უნდა გადარჩეს, აქ სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი და ეს ბევრს გაცნობიერებული არ აქვს,“ - აცხადებს ხოფერია.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4648 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
"მწვანე ბარათებზე" მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია.