ბიზნესი
28/07/2020

თაბორის მთაზე, სასტუმროსა და გოლფ კლუბის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება

თაბორის მთაზე, სასტურო და გოლფ კლუბის მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდება, - განუცხადეს "ბიზნესპარტნიორს“  პროექტის განმახორციელებელ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს.

ფონდის ინფორმაციით, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს 160 ნომრიანი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ფასადის შემინვის სამუშაოები და შენობის შიდა კედლების მოპირკეთება თაბაშირ-მუყაოსა და ქვიშა-ცემენტით.

პროექტი ითვალისწინებს 402 009 კვ.მ-ზე რეკრეაციული ზონის მოწყობას, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% სრულად იქნება გამწვანებული.

რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს. სასტუმროს ფარგლებში განთავსდება 2 საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.

„თაბორის რეკრეაცია უპრეცედენტოდ მწვანე პროექტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურისტების მოზიდვა ისეთი ქვეყნებიდან სადაც ზამთრის პერიოდში გოლფის თამაში და საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება შეფერხებულია“, -აცხადებენ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 90 მლნ დოლარს შეადგენს.

Businesspartner