ბიზნესი
17/02/2021

სტუმრების შეზღუდული რაოდენობა და 4 ადამიანი მაგიდასთან - ახალი რეგულაციები რესტორნებისთვის

რესტორნები შიდა სივრცეების გახსნა განსხვავებული რეგულაციებით შეძლებენ. ერთ-ერთი მაგიდასთან დასაშვები ადამიანების რიცხვის 4-მდე შემცირებაა. რესტორატორებმა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

"თუ აქამდე შესაძლებელი იყო ერთ მაგიდასთან 6 ადამიანის ყოფნა, ახლა ეს რიცხვი 4-ით შეიცვალა. სტუმრების მიღების მაქსიმალური ზღვარიც დაწესდება. განისაზღვრება კვადრატულობით",- განაცხადა რესტორატორათა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, რესტორნების შიდა სივრცეები, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიხსნება.

22 თებერვალს რესტორნების შიდა სივრცების გახსნა არარეალურად მიგვაჩნია. უფრო რეალური, ალბათ მარტის პირველი რიცხვებია",- აღნიშნა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაცია არ გამორიცხავს, რომ თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირების ხარჯები თავად დაფაროს.

"არის შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება საკუთარ თავზე აიღოს. ეს განსაკუთრებით რთულია, როდესაც ბიზნესი ასეთი პრობლემების წინაშე დგას. იმდენად ბევრი დასაქმებულია ამ სფეროში, რომ სახელმწიფოსთვის ეს ციფრი უფრო რთული იქნება, ვიდრე შეიძლება ბიზნესისთვის იყოს",- აღნიშნა გაერთიანების დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ.

ამავდროულად რესტორნის შიდა სივრცეში 5 კვადრატულ მეტრზე, სავარაუდოდ, 1 ადამიანი დაიშვება. 

"აქ იგულისხმება ტესტირება, ასევე სტუმრების რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესება. ასევე, რეგულაციების დარღვევის პრევენციისთვის გარკვეული მექანიზმები გატარდება. ვმსჯელობთ ერთ მაგიდასთან ადამიანების რაოდენობის შეზღუდვაზეც. შიდა სივრცეში ეს შეიძლება იყოს 4, გარე სივრცეში კი 6 ადამიანი. გამკაცრდება მონიტორინგის პროცესიც. ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოც ჩაერთვება. ვფიქრობთ, 5 კვადრატულზე 1 ადამიანი დაიშვება. ამაზე ჯერ ვფიქრობთ და საბოლოო გადაწყვეტილებას პარასკევს მივიღებთ",- განმარტა მთავარმა შრომის ინსპექტორმა, ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს რესტორატორებსა და ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას შორის შეხვედრა გაიმართა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 15 თებერვლიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნების მხოლოდ ღია სივრცეების გახსნა დაშვებული. მინისტრთან შეხვედრამდე რესტორატორები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ ღია სივრცისთვის რესტორნის გახსნა აზრს კარგავს, ამავდროულად ბიზნესის წარმომადგენლები კომენდანტის საათის გადაწევასაც ითხოვდნენ.