ბიზნესი
28/11/2022

სტრადა მოტორსი: ბიზნესი აქცენტს ახალი ავტომობილების შეძენაზე აკეთებს

პანდემიის შემდეგ ბიზნესის საკმაოდ ბევრ სექტორში მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე ალაპარაკდნენ, გამონაკლისი არც საავტომობილო ბიზნესი აღმოჩნდა.

„სტრადა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიის გაყიდვების 70% კორპორატიულ მიმართულებაზე მოდის. ბოლო პერიოდში კი მომხმარებლები აქცენტს ახალი ავტომობილების შეძენაზე აკეთებენ.

„ჩვენი კომპანია ნაკლებადაა ორიენტირებული ავტომობილების ექსპორტზე. ჩვენ  ძირითადად, საქართველოს ბაზარს ვამარაგებთ. კომპანიები ვითარდებიან, ბიზნესებს აფართოებენ. თუმცა, ახალი ტენდენციაც შეინიშნება -  თუ ადრე კომპანია უპირატესობას მეორადი ავტომობილების შესყიდვაზე აკეთებდა, ახლა აქცენტი ახალი ავტომობილების შეძენაზეა. 

დაიმსხვრა ის წარმოდგენა, რომ კომპანიას მეორადი ავტომობილის შესყიდვა უფრო იაფი უჯდება, რადგან ამ შემთხვევაში ბიზნესს საბოლოო ჯამში უფრო მეტის გადახდა უწევს. 

დღეს ქვეყანაში საბანკო სისტემა საკმაოდ კარგადაა განვითარებული. შესაბამისად, ძალიან ბევრ კომპანიას თუ არ აქვს საშუალება, რომ ავტომანქანა პირდაპირი შესყიდვის წესით შეისყიდოს, შეიძლება სესხითაც ისარგებლოს,“-აცხადებს ასანიშვილი.

მისივე განცხადებით, ზრდის ტენდენციაა  „სტრადა ავტოს“ კორპორატიული კლიენტების კომერციულ ნაწილში (ამაში არ შედის სამთავრობო ტენდერები, იგულისხმება მხოლოდ კერძო კომპანიებისთვის შეძენილი სამარშრუტო ტაქსები თუ სატვირთო ავტომობილები). როგორც ასანიშვილი განმარტავს, ეს წილი დღეს 40-45%-მდეა გაზრდილი.

„სტრადა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, გაყიდვების 30%-მდე  საცალო ბაზარზე მოდის. ასანიშვილი აცხადებს, რომ ამ ნაწილში გაყიდების დრამატული ზრდა არ ფიქსირდება, თუმცა, მაჩვენებელი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაშიც მომხმარებელები აქცენტს ახალ ავტომობილებზე აკეთებს.

ასანიშვილის ინფორმაციით, ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა საქართველოს ბაზარზე გაიზარდა და ეს დიდი ალბათობით მომხმარებლებში არსებულ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება.

„ეშინიათ, რომ სამომავლოდ ისე არ გაძვირდეს მანქანები, რომ ვეღარ შეძლონ ყიდვა, ამიტომ, შესყიდვებს ახლა ახორციელებენ,“-აცხადებს ასანიშვილი.

მისივე  ინფორმაციით, გასული წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახალი ავტომანქანების ფასები დაახლოებით 10-15%-ითაა გაზრდილი.

შეგახსენებთ, „სტრადა ავტოს“ შემადგენლობაში შედის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა,FIAT-ი,Alfa-romeo, Jeep-ი და სხვა.

 

Businesspartner