ბიზნესი
12/11/2021

"სტრადა მოტორსი" ავტომობილების გაიაფებას 2022 წლის ბოლოდან ვარაუდობს

„სტრადა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილი ავტომობილებზე ფასების შემცირებას მომავალი წლის ბოლომდე არ ელის.

როგორც  ლევან ასანიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პანდემიამ საავტომობილო ბიზნესზე ნეგატიური გავლენა იქონია. 2020 წლის დასაწყისში, კონკრეტულად კი პირველ კვარტალში  ავტომობილების რეგისტრაცია ჩავარდნილი იყო.

"პანდემიამდე, 5 წლის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 20%-ით იზრდებოდა. თუმცა, 2020 წელს, მას შემდეგ, რაც ეს კრიზისი დაიწყო, ბაზარი დაახლოებით 25%-ით შემცირდა, ბუნებრივად იკლო  რეგისტრაციის მაჩვენებელმაც.

ვითარება მოულოდნელი იყო, ბევრ კომპანიას მოუხდა ადაპტირება, ბევრმა ვერ გაუძლო, შესაბამისად, საცალო თუ კომერციული მომხმარებლებმა ავტომობილებისშეძენა გადადეს,“ - აღნიშნავს ასლანიშვილი.  

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ევროპის ბაზარზე ავტომობილების წარმოება დაახლოებით 11%-დან 40%-მდე შემცირდა, ამერიკის ბაზარზე  კი დაახლოებით 20%-ით. ასლანიშვილი განმარტავს, რომ ამ მხრივ სიტუაცია ამ დროისთვის გაუმჯობესებულია, მოთხოვნა გაზრდილია.

„სტრადა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილე   ავტომობილების დეფიციტზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ეს  ავტომობილების წარმოებისთვის საჭირო მასალების გაძვირებითაა გამოწვეული.

„დეფიციტია სპეციალური ჩიპების, რომელმაც მსოფლიოში საკმაოდ დიდი კრიზისი შექმნა. შექმნილი სიტუაციიდან და ბაზრის პრინციპიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ავტომობილებზე ფასების გარკვეული ზრდა.

რაც შეეხება კომერციულ ბაზარს, კომპანიები, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომერციული დანიშნულების ავტომობილები ყავდეთ, ისინი აახლებენ ავტომობილების შეძენას, რაც ერთი მხრივ იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესი აგრძელებს განვითარებას და მომავალშიც გააგრძელებს.

ამის პარალელურად, როდესაც შემცირებულია ავტომობილების მიწოდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს 2022 წელში ავტომობილებზე ფასების ზრდა,“ - აცხადებს ასანიშვილი.

მისი ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოს 2019 წელთან შედარებით ავტომობილების იმპორტის დაახლოებით 10%-იანი ზრდა იქნება, რეექსპორტის მაჩვენებელი კი 5%-ის ფარგლებში გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს. როგორც ასანიშვილი აცხადებს, ავტომობილებზე ფასების შემცირებას მომხმარებელი 2022 წლის ბოლოდან უნდა ელოდოს.

შეგახსენებთ, პანდემიის ფონზე, მეორადი ავტომობილების მსოფლიო ბაზარზე არსებულ  დეფიციტზე და ამის შედეგად გაზრდილ ფასებზე   „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი  გიორგი სურგულაძეც საუბრობს.