კავკასიის ავტოიმპორტი: მსოფლიო ავტოწარმოებაში არნახული კრიზისია
პანდემიის ფონზე, მეორადი ავტომობილების მსოფლიო ბაზარზე დეფიციტია, დეფიციტის ფონზე კი მაღალი ფასები. „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ მეორადი ავტომობილების ბაზრის ტენდენციებზე საუბრისას ძირითად მიზეზად ამერიკის მიმართულებაზე მიწოდების ჯაჭვის კრიზისს ასახელებს.
„ამერიკიდან გამომშვები პორტები საკმაოდ გადატვრითულია, ფაქტობრივად, კრიზისულ მდგომარეობაში არიან. თუმცა, გზაშია საკმაოდ დიდი რაოდენობის ავტომანქანა, შემოვა და დიდი ალბათობით სიტუაცია დასტაბილურდება,“ - აცხადებს სურგულაძე.
მისივე განმარტებით, დადებითია ის, რომ ინტენსიურად იმატებს რეექსპორტის მაჩვენებელი, რაც პანდემიამდელ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია.
წელს გაფართოვდა რეექსპორტის ქვეყნების სია და ახლა უკვე საქართველოს გავლით ავტომანქანების მიწოდება ხდება ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და რუსეთში.
კითხვაზე, დაახლოებით რამდენი პროცენტითაა გაზრდილი მეორად ავტომობილებზე ფასები, სურგულაძე ვერ აკონტერეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ სხვადასხვა მოდელზე სხვადასხვა მოთხოვნაა და ფასის მატებაც სხვადასხვაგვარია. მისი განცხადებით, ეს ტენდენციაა მსოფლიოს მასშტაბით.
„ფასის ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ის, რომ მოთხოვნა მეორად ავტობილებზე მკვეთრდაა გაზრდილი. მაგალითად, თბილისის ნებისმიერ ცენტრში რომ მიხვიდეთ, ახალი ავტომობილები არ ჰყავთ, ეს განპირობებულია იმით, რომ პანდემიის გამო ახალი ავტომობილების წარმოება შემცირებულია და მომხმარებელი, ვინც ახალი ავტომანქანის მყიდველი იყო, მეორადზე აკეთებს აქცენტს.
პანდემიას თანმხლები პროცესები აქვს, მწარმოებლები ვერ ღებულობენ შესაბამის ნაწილებს, რომელიც შეიძლება ჩინეთში ან სხვა ქვეყნებშიც იწარმოებოდეს. ეს არის მიწოდების ჯაჭვი, რაც ავტომატიზირებულად ამ დროისთვის ვერ მუშაობს. მსოფლიოში ამ მიმართულებით არნახული კრიზისია,“ - აცხადებს სურგულაძე.
მისი განცხადებით, საკმაოდ მაღალია რეალიზაციის მაჩვენებელი როგორც რეექსპორტის, ისე ადგილობრივი ბაზრის პირობებში. ამის მიზეზად კი „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
„პანდემიის გამო, აღმოცენდა სეგმენტი, რომელიც ვერ გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვერ დახარჯა ფული, ვერ წავიდა რესტორანში, ამიტომ ხალხში დამატებითი ფინანსური რესურსი, ჭარბი ფული გაჩნდა, რომელიც ავტომობილის შეძენაში ჩაიდო. ასეთმა ფაქტორებმა განაპირობა არამარტო მანქანებზე, არამედ სხვა სამომხრაბელო პროდუქციის რეალიზაციის ზრდაც. საქართველოში არ ვიცი, მაგრამ მსოფლიოში, მათ შორის ტელევიზორების გაყიდვები ძალიანაა გაზრდილი,“ - აცხადებს სურგულაძე.
შეგახსენებთ,“საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფში ავტომობილები მეორე პოზიციაზე იყო. კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 338.2 მლნ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 11.3%) შეადგინა. სუბუქი ავტომანქანები, 632.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი იმპორტის 9%), საიმპორტო კალათის სათავეშია.