ბიზნესი
29/11/2022

სტრადა მოტორსი: ახალი ავტომობილები შესაძლოა მაქსიმუმ 5%-ით გაძვირდეს

„სტრადა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ახალ ავტომობილებზე ფასები დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში  კი მათი ფასი შესაძლოა მაქსიმუმ 5%-ით გაიზარდოს.

როგორც ასანიშვილი განმარტავს, დღეს გასული წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახალი ავტომანქანების ფასები დაახლოებით 10-15%-ითაა გაზრდილი.

„ბაზარზე ავტომობილების გაძვირების ტენდენცია  2021 წლიდან დაიწყო. ახლა ბაზარი ასე თუ ისე ადაპტირდა იმ სიტუაციასთან, რაც მსოფლიომ ჩვენ მოგვცა. არ მგონია, რომ მოხდეს რაიმე კატასტროფული სიახლე, რაც ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს,“-აცხადებს ასანიშვილი.

„სტრადა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილე  მეორადი ავტომობილების ბაზარსაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ეს მიმართულება უფრო არაორგანიზებულია, რადგან ბევრი ფიზიკური პირია, ბევრი ისეთი მცირე კომპანიაა, რომელიც  ავტომობილების ჩამოყვანას და გაყიდვას ცდილობს.

მისი ინფორმაციით, არაორგანიზიებული ბაზარი დროთა განმავლობაში აუცილებლად შემცირდება იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია ევრო 5-ის სტანდარტის შემოღება, რაც  ძველი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას გულისხმობს. 

„ეს თავისთავად შეზღუდავს მეორად ბაზარს და უფრო მეტ დომინირებას აიღებენ ხელში ის კომპანიები, რომლებიც მოახდენენ მეორადი ავტომობილების იმპორტს, ამავდროულად კი მომხმარებელს უფრო მეტ სიმშვიდეს (გარანტიის და საჭიროების შემთხვევაში შეკეთების სერვისის შეთავაზება) და კომფორტს შესთავზებენ,“-აცხადებს ასანიშვილი.

შეგახსენებთ, „სტრადა ავტოს“ შემადგენლობაში შედის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა,FIAT-ი,Alfa-romeo, Jeep-ი და სხვა.

 

Businesspartner