სტიქიის გამო "სანსეტ შოვი“ დამსვენებელს ვერტმფრენით მოემსახურება
სტიქიის პირობებში სასტუმრო „სანსეტ შოვი“ თავის დამსვენებელს ვეტმფრენით მოემსახურება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კითხვაზე ვისი ბიუჯეტიდან დაიფარება ვეტმფრენის მომსახურების საფასური, ამაზე სასტუმროში პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ. „სწორედ აღნიშნულ დეტალებზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები. თუ უწყება გაიღებს ხარჯს ხომ კარგი, თუ არადა ამას ჩვენი ბიუჯეტიდან მოვაგვარებთ“, - აცხადებენ სასტუმროში.
მათი განმარტებით, სტიქიას „სანსეტ შოვის“ ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია. რაც შეეხება სასტუმროში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციას, გათიშულია ელექტროენერგია, თუმცა, პრობლემას „სანსეტ შოვი“ საკუთარი დენის წყაროთი აგვარებს. „გვაქვს წყლის მარაგებიც, არ შეგვშინებია ამ კუთხით. ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს ეს არის სტუმრების გადაადგილება,“ - აცხადებენ „სანსეტ შოვში“.
მათივე განცხადებით, თუ გზაზე მოძრაობა დროულად ვერ აღდგება, შესაძლოა ჯავშნების ნაწილი გაუქმდეს.
„ხალხი ბარგით მოდის და მგონი დისკომფორტი იქნება ვეტმფრენით გადმოყვანა. ვის როგორ უღირს გააჩნია. ამ დროისთვის ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა, საუბარია მათ სხვა პერიოდზე გადაცვლაზ,“-აცხადებენ სასტუმროში.
როგორც ცნობილია, ონში სტიქიაა. 28 ივლისს, მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
დაზიანებულია 10 ხიდი, ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, დაიტბორა სოფელ ნაკიეთის ერთ - ერთი უბანი, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.