ბიზნესი
18/10/2022

სტარტაპი Craft Mania სამომავლოდ შოურუმის გახსნას გეგმავს

სტარტაპი Craft Mania-ს გრძელვადიანი გეგმა შოურუმის გახსნაა.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ანასტასია მონასტირნაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შოურუმის ნაწილი იქნება სახელოსნოც, სადაც უშუალოდ პროდუქციის წარმოება მოხდება.

Craft Mania  ორი სახეობის პროდუქტს  - ტილოზე ნაქარგებს და ხალიჩებს სასურველი გამოსახულებით ამზადებს. ორივე პროდუქტი ხელნაკეთია და დამზადებულია საქართველოში.

სტარტაპის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ხალიჩებისთვის საჭირო მასალის შემოტანა  სხვადასხვა უცხოური ბაზრიდან ხდება, რადგან საქართველოში მსგავსი ტიპის პროდუქტის წარმოება არ ხდება.

როგორც ანასტასია მონასტირნაია განმარტავს, სტარტაპის მიერ დამზადებული  ასორტიმენტი უხდება ნებისმიერ ინტერიერს და ყველა ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებელში მოთხოვნადია.  

„დღესდღეობით დამზადებული გვაქვს 150-ზე მეტი პერსონალური (ადამიანის გამოსახულების) ნაქარგი და კმაყოფილი მომხმარებლების 99%-იანი მაჩვენებელი გვაქვს. ყველა სხვა კომპანიისგან განსხვავებით, გვაქვს ჩვენი გამორჩეული "კოსმოსური დიზაინი", რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ნაქარგს და ახარებს შემკვეთსაც და მის ადრესატსაც. ნაქარგების მზადების დაწყებიდან 1 წელში დავამატეთ ჩვენი მეორე პროდუქტი - ხელნაკეთი ხალიჩები, რომელიც ასევე სასურველი გამოსახულებით მზადდება. ეს მიმართულება საქართველოში საკმაოდ ახალია და ამით საზოგადოებას აძლევს საშუალებას შეუკვეთოს ყველასგან გამორჩეული, ფაქტობრივად ერთადერთი და უნიკალური ხალიჩა ინდივიდუალური ესკიზით.

ხალიჩა შეიძლება დამზადდეს რომელიმე პერსონაჟის, ფიგურის, წარწერის ან სხვა გამოსახულებით, რადგანაც ხალიჩის დამზადება ნაქარგთან შედარებით არის უფრო რთული, შესაბამისად, ის მოითხოვს მეტ დროსა და ხარჯს, რის გამოც მისი ფასი უფრო მეტია,“-აცხადებს მონასტირნაია.

ნაქარგების ფასი  35-დან 75 ლარამდე მერყეობს, ზომისა და ამოსაქარგი ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ხოლო ხალიჩების ფასი 100-დან 1500 ლარამდე ზომისა და ესკიზის სირთულის მიხედვით.

მონასტირნაიას ინფორმაციით, Craft Mania-ს მიერ დამზადებული ორივე პროდუქტი იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე (ელექტრონული კომერციის საშუალებით) ისე ექსპორტზე.  მისი განცხადებით, რეალიზაციის მაჩვენებელი მზარდია.

Craft Mania, რომელიც საოჯახო ბიზნესია, პანდემიის დროს, 2021 წლის თებერვალში  ანასტასია მონასტირნაიამ და გაბრიელ ქრისტესაშვილმა დააფუძნა.

 

 

Businesspartner